რა დაავალა „მისია 2013“-ის ფინალისტებს ნატახტარმა?
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2013“ მეორე ტურის პრეზენტაცია გაიმართა.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 55 გუნდმა მიიღო, შემოსული 57 პროექტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. პროექტების ავტორებს კონკურსის პარტნიორი კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო სურმავა უნივერსიტეტის წარმომადგნელბთან ერთად შეხვდა. კომპანიის წარმომადგენელმა ფინალისტ გუნდებს მეორე ტურის დავალება მისცა, რომელზეც სტუდენტები 1 თვის განმავლობაში იმუშავებენ.
ივნისის დასაწყისში 5 ფინალისტი გუნდი მოწვეული ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარდგება. ჟიური სამ საუკეთესო გუნდს გამოავლენს, გამარჯვებულებზე კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი გადანაწილდება:
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2013 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „ნატახტარია“.
“კომპანია ნატახტარი მიესალმება სტუდენტების გააქტიურებას და ჩართვას კომპანიისათვის მნიშვნელოვან პროექტში. ჩვენი თემაა "ნატახტარის ფონდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. ფინალამდე ცოტა დრო რჩება. ჟიური სამ საუკეთესო გუნდს გამოავლენს,“ – აღნიშნა ნინო სურმავამ.
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.
კომენტარი