სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–მ ერაყიდან ჯარების გამოყვანა გადაიფიქრა

ამერიკული ჯარების ერაყიდან სრულად გამოყვანა, შესაძლოა, გადაიდოს. აშშ–ში ელოდებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვაშინგტონს ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გასვლის საბოლოო ვადის ამოწურვის შემდგომ, შეიარაღებული ძალების კვლავ ერაყში დატოვებას სთხოვს. ამის შესახებ აშშ–ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლეონ პანეტამ განაცხადა და აღნიშნა, რომ თითქმის დარწმუნებულია საკითხის ამგვარად გადაჭრაში.

ერაყში ამჟამად დაახლოებით 47 ათასი ამერიკელი სამხედროა. ისინი უკვე აღარ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს და მხოლოდ ერაყული შეიარაღებული ძალების მომზადებაში იღებენ მონაწილეობას. 2008 წლის შეთანხმების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა ერაყი 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დატოვონ. თუმცა, დღესდღეობით, მდგომარეობა შეიცვალა და ბაღდადმა, შესაძლოა, ამერიკელების ქვეყნიდან გაშვება გადაიფიქროს.

თუმცა, ეს მოსაზრება აშშ–ში სიახლე არ არის. მსგავსი აზრი პენტაგონის შეფმა რობერტ გეითსმაც გამოთქვა, რომელიც ამჟამად თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ერაყში დარჩენის მიზეზად „მიღწეული პროგრესის დაცვას“ ასახელებენ. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ამჟამად ტერორისტული ორგანიზაცია „ალ–ქაიდას“ დაახლოებით ათასამდე წევრი იმყოფება და სიტუაცია, ზოგადადაც, კვლავ დაძაბული რჩება.

ამერიკული მედიის და ექსპერტების აზრით, თუ პრეზიდენტი ობამა მართლაც მიიღებს ჯარის ერაყში დატოვების გადაწყვეტილებას, ის არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების, არამედ მხარდამჭერების ძლიერი კრიტიკის ობიექტი გახდება, რადგან, როგორც ცნობილია, ერაყიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანა, ობამას წინასაარჩევნო პროგრამის ერთ–ერთი უმთავრესი დანაპირები იყო.

თავად ერაყში კი, უკანასკნელ პერიოდში, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. კვირის დასაწყისში, ერაყის ცენტრალურ რაიონში, ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100