სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რევოლუციის შემდეგ

ეგვიპტეში ისლამისტური საფრთხე რეალურია

ვგულშემატკივრობთ თუ არა იმ ათობით ათას ეგვიპტელს, რომელიც მუბარაქის რეჟიმის დამხობის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა? რა თქმა უნდა, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. რაც თავი გვახსოვს, სიღატაკე, დაუცველობა, საბაზისო მომსახურების არ არსებობა (მედიის ცნობით, ქაიროში ონკანის წყალი უსაფრთხო არ არის), ტოტალური კორუფცია და პოლიტიკური რეპრესიები იქაური ყოფის მახასიათებლებია. სამხედრო რეჟიმს ლეგიტიმაცია არ ჰყოფნის და ამავდროულად 1967 წლის შემდეგ ის ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მართავს.

მუბარაქის მთავრობა სასტიკია თავისი ოპონენტების მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა 2009 წლის ანგარიშში ასობით ადამიანის უფლებების დარღვევის, ათობით ადამიანთა „გაქრობის“, უსამართლო პატიმრობისა და წამების ფაქტი დააფიქსირა:

„ციხეებსა და წინასწარი დაკავების საკნებში კვლავ ცუდი პირობებია. დამკვირვებელთა ცნობით, საპატიმრო კამერები გადატვირთულია, სამედიცინო დახმარების დეფიციტია, არ არსებობს ჰიგიენა, საკვების, სუფთა წყლისა და ვენტილაციის უკმარისობაა. ფართოდაა გავრცელებული ტუბერკულიოზი. ცუდი მოპყრობა ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მოზარდების მიმართ დიდების ციხეებში, მცველები პატიმრებს სასტიკად ექცევიან“.

არჩევნები ხუმრობა იყო. პრესა კონტროლირებადია. ასე რომ, ეგვიპტელი ხალხის უკმაყოფილება აბსოლუტურად კანონიერი და შთამბეჭდავია. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტებს შორის გამოკითხვა არ ჩატარებულა, თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ისინი არ გამოხატავენ პროტესტს იმ მიზნით, რომ დღევანდელზე უარესი რეჟიმის დამყარება უნდათ. მაგრამ ვიდრე რეგიონი, განსაკუთრებით კი არაბული სამყარო ისეთად რჩება, როგორიც დღეს არის – ეს ყველაზე სავარაუდო დასასრულია.

ეგვიპტე, რომელიც არაბულ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და გავლენიანი ქვეყანაა, დიდი ხნის განმავლობაში ის საჩუქარი გახლდათ, რომლის ხელში ჩაგდებასაც ისლამისტები ცდილობდნენ. აიმან ალ–ზავაჰირი, ეგვიპტელი ფიზიკოსი და უსამა ბენ ლადენის პირველი მოადგილე, ეგვიპტური „ისლამური ჯიჰადის“ – იმ ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ეგვიპტეში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, მუბარაქის დამხობა, მან „ალ–ქაიდას“ ერთ–ერთ პრიორიტეტად აქცია.

იმის მიუხედავად, რომ „მუსლიმთა საძმო“ (იმავე მოძრაობის ნაწილი, რომელსაც „ისლამური ჯიჰადი“ წარმოადგენს) გამოცხადებულია კანონგარეშე და დევნაშია, ის ეგვიპტეში იმ ერთადერთ ოპოზიციად რჩება, რომელიც ორგანიზებულია, დისციპლინირებული და მზადაა ძალაუფლების ხელში ასაღებად. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მუბარაქმა ისლამისტური გადატრიალებისადმი შიში, 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენისთვის „გამოიყენა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მუბარაქმა გამოიყენა ისლამისტური საფრთხე საკუთარი მიზნებისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ არსებობს.

სინამდვილეში, „მუსლიმთა საძმო“ ძალიან ოსტატურად ჩაერთო დღევანდელ კრიზისში, მხარდაჭერა აღუთქვა რა მუჰამედ ელ–ბარადეის – ისეთი რანგის საერთაშორისო დიპლომატს (ის ამავდროულად ნობელის პრემიის ლაურეატიცაა), რომელსაც დასავლეთში „ზომიერს“ უწოდებენ. სინამდვილეში ის მთელი მსოფლიოს ისლამისტების აშკარა აპოლოგეტია. როგორც ეს Jerusalem Post–ში დეტალურად აღწერა კეროლაინ გლიკმა, ელ–ბარადეიმ, როდესაც ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობდა, არაერთხელ მოახდინა იმ აშკარა ფაქტების იგნორირება, რომლებიც ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე მუშაობას ადასტურებდა, თეირანისადმი სანქციებს ეწინააღმდეგებოდა და ისრაელს „ახლო აღმოსავლეთში მთავარ ბირთვულ საფრთხეს“ უწოდებდა. გასულ კვირაში, ელ–ბარადეიმ ჟურნალ Der Spiegel–ს განუცხადა: „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ „მუსლიმთა საძმოს“ დემონიზაცია… ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში მათ არანაირი ძალადობის აქტი არ ჩაუდენიათ. მათაც სურთ ცვლილებები. თუკი ჩვენ გვსურს დემოკრატია და თავისუფლება, ისინი მარგინალიზაციის ნაცვლად, ჩვენს სისტემაში უნდა ჩავრთოთ“.

განცხადება ყველა იმ მსგავს განცხადებას გავს, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში ფაქტობრივად ყველა მიამიტი რევოლუციონერი აკეთებდა. ასეთ ადამიანებს ავტოკრატთა დამხობა შეუძლიათ (როგორც აკეთებდნენ ამას მენშევიკები რუსეთში, საერო რეფორმატორები ირანში და ლიბერალური ელემენტები ნიკარაგუაში), მაგრამ იშვიათია ისეთი ფაქტი, როდესაც ისინი ძალაუფლების ხელში აღებას და მის შენარჩუნებას ახერხებდნენ. მათი უმრავლესობა ახალი რეჟიმის დამყარებიდან რამდენიმე საათში თავში ტყვიას იღებდა. ოპტიმისტები, რომლებიც არ გამორიცხავენ ეგვიპტეში დღევანდელი აჯანყების პოზიტიურ შედეგს, ფილიპინების და სამხრეთ კორეის მაგალითი მოჰყავთ. მაგრამ აშშ–ს ამ ქვეყნებში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, ვაშინგტონი იქ პატივისცემით და დიდი გავლენით სარგებლობს, ამიტომ სავარაუდოდ შეუძლია იქ მიმდინარე მოვლენებისთვის დემოკრატიული ხასიათი შესძინოს. როგორც ამას Pajamas Media–ს ბარი რუბინი გვახსენებს, საზოგადობრივი აზრი ეგვიპტეში გაცილებით დიდი პრობლემაა. როდესაც მათ ეკითხებოდნენ, თუ ვის მიანიჭებდნენ უპირატესობას „ისლამისტებს“ თუ „მოდერნიზატორებს“ – 59%–მა პირველს დაუჭირა მხარი და მეორეს მხოლოდ – 27%–მა. ამავდროულად დაახლოებით 82%–ს მიაჩნია, რომ ცოლ–ქმრული ღალატისთვის ადამიანის ქვებით ჩაქოლვაა საჭირო, ხოლო 77%–ის აზრით ქურდებს ხელები უნდა მოკვეთო, და ბოლოს, 84% მოღალატეების სიკვდილით დასჯის მომხრეა.

2005 წელს, ათობით ათასი ლიბანელი გამოვიდა ქუჩაში ეგრედწოდებული „კედარის რევოლუციის“ დროს. ისინი მოითხოვდნენ თავისუფლებას, დემოკრატიას და სირიელების გასახლებას. ახლა ქვეყანას „ჰეზბოლა“ აკონტროლებს. 2006 წელს, პალესტინელებმა, რომლებსაც კორუფციის დამარცხება და ცვლილებები სურდათ, „ჰამასი“ აირჩიეს. ქალები და მამაკაცები ეგვიპტის ქუჩებში შთაგონებულები არიან ტუნისის მაგალითით და უკეთესი ცხოვრების იმედით. მაგრამ „მუსლიმთა საძმო“ ამ მომენტს ათწლეულების განმავლობაში ელოდა. როგორც მაიკლ ლედინის (ამერიკელი ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იკვლევს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებს) ბებია გვაფრთხილებდა: „ცუდზე უარესი ყოველთვის შეიძლება მოხდეს“.
foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100