სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გახდა ზესტაფონში დედის და ორი მცირეწლოვნის გარდაცვალების მიზეზი - "სოკარის" განმარტება

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ ბოლოს, არაგეგმიურად, მიმდინარე წლის ოთხ აპრილს შემოწმდა.

კომპანიის იმერეთის იმერეთის რეგიონული ოფისის მთავარი სპეციალისტის, ალექსანდრე გაბრიჭიძის განმარტებით, ოთხსართულიანი კორპუში, სადაც 40 ოჯახი ცხოვრობს, ყველა ბინის ტექნიკური დათვალიერება ვერ მოხდა. მათ შორის იმ ბინის, სადაც ტრაგედია დატრიალდა, რადგან ის დაკეტილი იყო.

"ჩვენთვის უცნობი იყო წყლის გამათბობლის არსებობა. თუ კარები ჩაკეტილია, შიგნით შესვლას ვერ ვახერხებთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ალექსანდრე გაბრიჭიძე. მისი ინფორმაციით, აღმოჩნდა რომ მომხმარებელს ბინაში წყალგამაცხელებელი ტექნიკური ნომრების დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული.

"სავარაუდოდ, წყლის სისტემაც მოუწესრიგებელი იყო, რომელსაც უფრო ზუსტად ექსპერტიზა დაადგენს. ვფიქრობთ, რომ ინტოქსიკაცია ტექნიკური ნორმების დარღევით დამონტაჟებულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია", - ამბობს ალექსანდრე გაბრიჭიძე.

ზემოთაღნიშნული კორპუსის მორიგი გეგმიური შემოწმება, 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი არაგეგმიურ შემოწმებასაც ასრულებენ, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

"სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონული ოფისის მთავარი სპეციალისტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა დააყენა ახალი ხელსაწყო, უფლება აქვს მივიდეს გაზის მეურნეობასთან და ჰკითხოს, რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ არის ის დამონტაჟებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მომსახურება სრულიად უსასყიდლოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაც არის.

"სავარაუდოდ არ აქვთ ინფორმაცია ამაზე ან არ ახორციელებენ. მეორე პრობლემა ისაა, რომ ვისაც უნდა იმას ამონტაჟებინებენ. ჩვენთან ეს თანხაში არ არის გაწერილი. უბრალოდ, შეიძლება იმ დღეს ვერ მივიდეს კომპანიის წარმომადგენელი და მივიდეს ორი დღის მერე. რაღაც მენტალიტეტი და მიდგომა თუ არ შეიცვალა, ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით. გათამამება გაზთან არ შეიძლება", - ამბობს ალექსანდრე გაბრიჭიძე.

"სოკარ ჯორჯია გაზს" იმერეთში 150 000 აბონენტი ჰყავს. ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მეორე დღეს, 17 სექტემბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის გუბერნატორის მიერ საგანგებოდ მოწვეულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც, იმერეთში ყველა დაკეტილი ბინის აღწერა და მათი ტექნიკური დათვალიერება მოხდება. ბინებს მუნივიპალიტეტის მერია და "სოკარი" ერთობლივად შეამოწმებენ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ, ძირითადად, უბედური შემთხვევის ფაქტები ხდება ისეთ სახლებში, რომლებიც არის გაქირავებული და დაკეტილი. გუბერნატორის თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება, არამედ, "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა-კონტროლი.

"ამ შემთხვევაში "სოკარი" ვერ ახერხებს ბინაში შესვლას, რომ ფიზიკურად აღწეროს მდგომარეობა. ამიტომ, ყველა გამგეობა ჩაერთვება ამ პროცესში, რათა მდგომარეობა შეიცვალოს. დღესვე შეხვდებიან ისინი ყველა ამხანაგობის წარმომადგენელს და ერთობლივად დავგეგმავთ გასვლებს კორპუსებში და ბინების აღწერას. რამდენიმე დღეში გვექნება სრული სურათი, თუ რა ხდება იმერეთში, სად გვაქვს ძირითადი რისკის კერები და სად, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

16 სექტმებრს, დედა და ორი მცირეწლოვანის გარდაცვალება ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია. დედა 24 წლის იყო, ხოლო შვილები ორი და ოთხი წლის.

ისინი ზესტაფონში ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდნენ. მეზობლების თქმით, დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100