სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილი ზუგდიდელების ახლობლები ნეშტთა გადასვენებას ითხოვენ

1924 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს დახვრეტილები დღეს ზუგდიდში, ძმათა სასაფლაოზე გაიხსენეს. 41 დაღუპულის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მოძღვარმა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა. სასაფლაოზე, რომელიც ლევან ქობალიას ქუჩაზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში მდებარეობს, დახვრეტილთა შთამომავლები, გასული წლების მსგავსად შეიკრიბნენ. დაღუპული კონსტანტინე ჩხოლარიას შვილიშვილი, ნიკოლოზ ჩხოლარია livepress.ge-სთან ყვება 6 სექტემბრის ტრაგედიას, რომელიც მშობლების გადმოცემით ახსოვს. მისი თქმით, ბაბუამისი დადიანისეული ტაძრიდან, სადაც აჯანყების მონაწილეები ჰყავდათ გამოკეტილი, დილის ხუთ საათზე გამოიყვანეს დანარჩენებთან ერთად და საკირეს წინ, რომელიც ერთგვარ ორმოს წარმოადგენდა, დახვრიტეს. კიდევ ერთი დაღუპულის, ბექირბი კუკავას შვილიშვილი ბორის კუკავა ყვება, რომ ბაბუამისი იმ ბოლო ქართველთა შორის იყო, რომლებიც ტაძრიდან გამოიყვანეს და უნდა დაეხვრიტათ. მისი თქმით, მაშინ ტყვეები ეკლესიიდან თითქოს დასაკითხად მიჰყავდათ, უკან კი არც ერთ მათგანს არ აბრუნებდნენ. თორმეტი აჯანყებული საკირეს წინ ჩაუმწკრივებიათ და დაუხვრეტიათ. მხოლოდ ორ მათგანს არ მოხვედრია ტყვია. ერთ-ერთი ბექირბი კუკავა იყო, რომელმაც ღამით მეორე გადარჩენილის თანხლებით თოკისგან თავი გაითავისუფლა, თუმცა ერთი შეხედვით სამშვიდობოს გასული ვინმე კომკავშირელ დიდიშვილს შეუნიშნავს და მოუკლავს. იმ დროს 41 დახვრეტილიდან სულ ოთხი გადარჩენილა. ბორის კუკავა ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაღუპულთა ნეშტის საპატიო ადგილას გადმოსვენების თხოვნით ორი წლის წინ მიმართა. დადიანისეული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის საფლავიც გამოიყო, დაიდგა ობელისკიც, თუმცა ბორის კუკავას თქმით, საკმარისი თანხების არარსებობის გამო, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, ძვლების გადმოსვენება გაურკვეული ხნით შეფერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100