ზურაბ ჯაფარიძე: ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხუდონჰესი მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ეკონომიკისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
ჯაფარიძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ზურაბ ტყემალაძესთან, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან და ენერგეტიკის ექსპერტებთან ერთად, დაესწრო შეხვედრას, სადაც მათ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილეებმა საქართველოს ენერგოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ხუდონჰესის პროექტზეც იმსჯელეს.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოპოლიტიკას ეთანხმება და მოხარულია, რომ ის ემთხვევა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის ხედვას, რომ უნდა მოხდეს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ახალი სიმძლავრეების მშენებლობა, ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება და ასევე რომ აღარ არსებობს რესურსი ელექტროენერგიაზე ტარიფების შემდგომი შემცირებისთვის. „მათ ენერგოპოლიტიკაში უწერიათ, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაორმაგდება, რაც ერთხელ უკვე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მეორე ეტაპი მოხმარების გაორმაგების მოსალოდნელია 2030 წლისთვის. მართალია ასეთი გათვლების გაკეთება, ასეთ გრძელვადიან პერსპექტივაში ძნელია და თითქმის შეუძლებელი, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტროს ხედვას დანარჩენ ნაწილში, სრულად ვეთანხმები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მას მიაჩნია, რომ ხუდონჰესი აუცილებალდ უნდა აშენდეს და ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს ადგილობრივ მოსახლეობასთან, უნდა მოგვარდეს. „რუსურსი ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებისთვის მართალია მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მათთან საუბარი და ახსნა რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი თავად მათთვის. აუცილებელია მოსახლეობისთვის ადეკვატური კომპენსაციების გაცემა და ასევე იმ ადამიანების იდენტიფიცირება და გამოაშკარავება, ვინც ამ საპროტესტო მოძრაობაში განსაკუთრებით აქტიურია და ამას საკუთარი მერკანტილური ინტერესებით აკეთებს“, -მიაჩნია პარლამენტარს.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება შეძლებს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხუდონჰესის აშენება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია: "ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სვანეთის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
კომენტარი