სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ალაფიშვილი: "ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა"

ექსპერტთა ოთხეულმა, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრს ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე საინვესტიციო საბჭოს ფორმატში სპეციალური თემატური სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით მიმართეს.

"ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა როგორც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმატი მეტად მნიშვნელოვანი იქნება ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების ეფექტური გადაწყვეტისთვის“ - განაცხადა ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელმა ლევან ალაფიშვილმა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სასურველი იქნება საინვესტიციო საბჭოს ფორმატში ხუდონჰესის საკითხზე შექმნილი სპეციალური თემატური ჯგუფის მუშაობაში, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ჩართულნი იყვნენ მხარის მაჟორიტარი დეპუტატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მესტიის გამგებელი.

ექსპერტებმა ბრიფინგის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხზეც, რომ ხუდონჰესის პროექტი თავისი მასშტაბებით და განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობით პრაქტიკულად უპრეცენდენტოა საქართველოსთვის და მის წარმატებულ განხორციელებაზე და იმაზე, თუ როგორ ეფექტურად იმოქმედებს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება ინვესტორ კომპანიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ სხვა მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100