სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასამთავრობოები ფინანსურ ანგარიშებს ასაჯაროებენ

9 სექტემბერს, 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა და ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე WWW.CSO.GE, რომლის პრეზენტაციაც დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ გაიმართა.

ზვიად დევდარიანი, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი:

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ხდება გამჭვირვალობის დეკლარაციის ხელმოწერა და გამჭვირვალობის ვებპლატფორმის წარდენა. თავად ეს ინიციატივა არის სრულიად უნიკალური. მახარებს ის ფაქტი, რომ არასამთავრობო სექტორია მომწიფებული იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის საერთო პროცესები წარმოაჩინს, ხაზი გაუსვას გარკვეულწილად საერთო პასუხისმგებლობასაც, განსაკუთრებით გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ნაწილში. დღეს ჩვენ ყველანი ერთად კიდევ ერთხელ, ამ დეკლარაციით, ამ ახალი ვებპლატფორმით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არანაირი ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან, ჩვენს დონორებთან, ჩვენს ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობს“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე:

„ჩვენ აქამდეც არ ვუფრთხოდით საკუთარი დაფინანსების, საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას და ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მიუხედავად ადრე არაერთი მცდელობისა, ასე წარმატებით ერთ სივრცეში ეს ინფორმაცია არ ყოფილა თავმოყრილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივას დღეს ჩვენ ვახორცილებთ, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ კიდევ ერთხელ ნახოს, რომ ჩვენ ვართ სრულიად გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობაში. მოვუწოდებთ ყველა სხვა ორგანიზაციასაც, რომ შემოუერთდეს ამ ინიციატივას თუ ისინი იზიარებენ იმ ძირითად პრინციპებს, რაზეც დაფუძნებულია ეს პლატფორმა, თუ მზად არიან საკუთარი დაფინანსების, დონორების, საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ, მაშინ ჩვენ ყველა ვართ მომხრე, რომ ამ პლატფორმამ კიდევ უფრო დიდი ძალა შეიძინოს“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100