კარასინი: საქართველოსთან დიალოგი ვერ შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს
საქართველოსთან დიალოგი ვერ შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს, – განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა, – წერს "რია ნოვოსტი".
გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო-რუსეთის დიალოგი, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოებრივ დონეზე, ვერ შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს.
როგორც კარასინმა გუშინ რუს და ქართველ პოლიტოლოგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ასეთი საკითხები თავად აფხაზებმა და ოსებმა უნდა განიხილონ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
შეხვედრის შემდეგ კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, საქართველოს მსგავსად, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციით, თუმცა, კარასინის თქმით, ეს კავკასიაში პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კარასინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 12 თებერვალს მიღებულ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთისთვის პრიორიტეტულია ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკების" თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებასა და მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარებას.
კომენტარი