ბასმა ობამას სიტყვები გაიმეორა და დაადასტურა, რომ საქართველომ პროგრესით უნდა იამაყოს
წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20-ე წლისთავი, ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯობ ბასმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
"განვლილი ღირსშესანიშნავი 20 წლის განმავლობაში ჩვენს თვალწინ საქართველო ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გლობალურ კონტრიბუტორად და რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბდა. როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, "საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მიაღწია.“
ელჩის სიტყვებით, ამერიკელები ამაყნი არიან “ იმ მოკრძალებული წვლილი“, რომელიც საქართველოს განვითარების საქმეში შეიტანეს. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული 20 წლის მანძილზე აშშ–ის მშვიდობის კორპუსის ასობით მოხალისემ იმსახურა საქართველოში, აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით კი 5000–ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება შეერთებულ შტატებში, რომ ამ ხნის მანძილზე აშშ–მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა, ამავე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ განუზომლად მადლიერია საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისთვის, რომ შეერთებული შტატები მადლიერია ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, იმ ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ავღანეთის ყველაზე სახიფათო კუთხეში მსახურობენ.
კომენტარი