სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოღაიდელს „ეროვნული საბჭოდან“ აგდებენ?!

„თუ ფული გაქვს შენი ვარ თუ არადა სხვისი ვარ” - „კონსერვატორებზე“ და „ხალხის პარტიაზე“ ყოფილა ნათქვამი. გადაუხადე და მაშინვე ამ პარტიების სახე გახდები. დიახაც სახე, რანაირად? მარტივად. მოდით, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ მანამდე კი არც თუ ისე შორეულ წარსულში გავისეირნოთ.... „კონსერვატორების“ და „ხალხის პარტიის“ ნოღაიდელთან პოლიტიკური ქორწინება, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, საზოგადოებისთვისაც მოულოდნელი იყო. მათ ნაბიჯს და ნოღაიდელის მიმართ უცაბედად გაჩენილ სიმპათიას ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა. ზოგი მიიჩნევდა, რომ ძიძიგური და დავითაშვილი ნოღაიდელთან ფულის გამო გაერთიანდნენ, ზოგიც ფიქრობდა, რომ „დაღლილი ვირი“ მათ ხელისუფლების დამხობას დაჰპირდა. ერთი სიტყვით, ვერსიები ბევრი იყო და ახლაც ბევრია. თავად დავითაშვილი და ძიძიგური კი აღნიშნავდნენ, რომ ნოღაიდელთან პრაიმერმა გაგვაერთიანაო და ის ფაქტი, რომ ამ ერთობის გამო ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი მათ პრორუსულ ძალებად და მოღალატეებად თვლიდა მათთვის არაფერს ცვლიდა. მეტიც, ისინი ამაყად გაიძახოდნენ „ეროვნული საბჭოს“ გარეშე გამარჯვება შეუძლებელია და ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული ძალაო. ეს ფრაზები არაერთ ოპოზიციონერს გვრიდა ღიმილს და იძახდნენ კიდეც სად ნოღაიდელი და სად ეროვნული ძალაო, რა უნდა ნოღაიდელს ეროვნულ საბჭოშიო. მართლაც რა უნდოდა ნოღაიდელს „ეროვნულ საბჭოში“ არ ვიცით, თუმცა სულ მალე მას „ეროვნულ საბჭოში“ რომ ვეღარ ვიხილავთ ეგ კი ზუსტად ვიცით. ნოღაიდელისთვის „ეროვნულ საბჭოში“ ყოფნის დღეები დათვლილი ყოფილა. „კონსერვატორებსა“ და ნოღაიდელს შორის შავ კატას გაურბენია. „დრონი ჯი“-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ უახლოეს მომავალში ნოღაიდელს „ეროვნული საბჭოდან“ გააძევებენ. „კონსერვატორებს“ ნოღაიდელი თვალში აღარ მოსდით და „ეროვნული საბჭოს“ რიგებიდან გარიცხავენო. წამზომი ჩართულია, აბა სახლისაკენ ჰერი-ჰერი, დროა აიბარგო აქედანო, უთქვამთ მათ „დაღლილი ვირისთვის“. „ეროვნულ საბჭოში“ ნოღაიდელის ადგილი აღარ არისო, კვერი დაუკრავს ძიძიგურისთვის დავითაშვილსაც. წყაროს თქმით, „ეროვნული საბჭოს“ შიგნით ბოლო პერიოდი პარტიებს შორის ხელჩართული ბრძოლა ყოფილა გაჩაღებული. ნოღაიდელს კლანჭები გამოუჩენია და პარტნიორებს ზევიდან უყურებდა. ზევიდან ყურებას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ფულის არგადახდას - ვერა. ურეიტინგო ნოღაიდელი შედარებით რეიტინგულ „კონსერვატორებს“ და „ხალხის პარტიას“ გვერდში დგომისთვის საკმაოდ დიდი თანხას უხდიდა თურმე. ამათზეა ნათქვამი „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“. „დაღლილ ვირს“ მობეზრებია ფულის გადაყრა და უთქვამს კაპიკსაც ვეღარ მიიღებთო. „კონსერვატორებს“ კი ქვა აუგდიათ და თავი შეუშვერიათ არ გადაიხდი და ჩვენი გზები გაიყოფაო. წყაროს მტკიცებით, გაიყო კიდეც მათი გზები და ნოღაიდელი შესაძლოა პოლიტიკიდან საერთოდაც წავიდეს. „ეროვნულ საბჭოში“ მყოფი ნოღაიდელი არავის სჭირდებოდა და ცალკე ვის რა შავ ქვად უნდა? პ.ს. მოკლედ, სულ რაღაც სამი თვის წინ შექმნილი „ეროვნული საბჭო“ სულ მალე მარტივ მამრავლებად დაიშლება. „კონსერვატორებმა“ ნოღაიდელი მოისროლეს, არადა რამდენიმე თვის წინ ძიძიგურისთვის რომ გეკითხათ გეტყოდათ „კონსერვატორები“ პოლიტიკურ პარტნიორებს არ ვღალატობთ და შუა გზაზე არ ვტოვებთო. ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100