სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში პროტესტის ახალი ფორმა - ცოცხლების დატირება მკვიდრდება (ფოტო+ვიდეო)

რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა სოციალური პროტესტის კიდევ ერთ ფორმას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც მანამდე სხვა ქვეყნებში კი იყო აპრობირებული, მაგრამ რუსეთში ფართოდ არ გამოიყენებოდა. ცოცხლების გარდაცვლილებად გამოცხადებაზე და მათთვის „უკანასკნელი პატივის“ მიგებაზე ვსაუბრობ.

ხშირ შემთხვევაში პროტესტის ეს ფორმა პერფორმანსის ხასიათს ატარებს და ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია, ხშირად ინტერნეტში წააწყდებით ამა თუ იმ ფორმით.

მართალია, რუსეთში დემოკრატია არასდროს ყოფილა „ცოცხალი“, მაგრამ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იგი მაინც დაიტირეს, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღად კი, შესაბამისად, 2001-2011 წლები მიუთითეს. ამ აქცია-პერფომანსის შესახებ „დრონი.ჯი“-მაც დაწერა - ის ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ ჩატარდა და მთელი წარმოდგენის განმავლობაში მიხაკებით მორთულ კუბოში გაუნძრევლად იწვა პირაკრული აქციის მონაწილე, მისი „სამუდამო განსასვენებლიდან“ რამდენიმე ნაბიჯზე კი ბენდი ცოცხლად უკრავდა სამგლოვიარო მუსიკას.

მრავლისმნახველი ლონდონელები ნაბიჯს ანელებდნენ, კუბოს გვერდით ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებულ სამგლოვიარო განცხადებას ათვალიერებდნენ, ყველაფერს ხვდებოდნენ და იღიმებოდნენ. რიტუალი იმდენად დახვეწილი იყო, რომ კლასიკურად ჩაცმული რიტუალის სამსახურის ტანამშრომლები და შავი კატაფალკაც არ დავიწყებიათ, აბრაზე კი ეწერა: „რუსეთის დემოკრატია (2001-2011) ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა“.

მანამდე კი მოსკოვში ყველა წესების დაცვით ჩატარდა რიტუალი, სადაც ვლადიმირ პუტინი, დიმიტრი მედვედევი და „ძმანი მისნი“ „დაიტირეს“. სამგლოვიარო რიტუალის ყველა დეტალი აქაც გათვალისწინებული იყო: წრეზე შემოვლა „გარდაცვლილთა“ პორტრეტების ირგვლივ, პორტრეტების შემკობა ყვავილებით, შესაბამისი ჩაცმულობა, ე.წ. მეთვალყურეები...

8 დეკემბერს რუს „ცოცხალ მკვდრებს“ ინტერნეტში კიდევ ერთი „მუდაკი“ დაემატა: ცნობილი კინორეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვლადიმირ პუტინმა „სახალხო ფრონტის“ გუშინდელ შეკრებაზე იგი თავისი შტაბის ხელმზღვანელად დაასახელა. რუსული ინტერნეტსივრცის რეაქცია უკვე საღამოს მყისიერი და მტკივნეული იყო: „მშვიდობით, რეჟისორო!“ ამ სათაურით გამოქვეყნდა „ლაივჯორნალის“ ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე რეჟისორის შავარშიაშემოვლებული პორტრეტი.

ბლოგს მცირე ტექსტიც ახლავს, რომელიც ასე მთავრდება: „სამუდამო სირცხვილი შენ, სტანისლავ სერგის ძე გოვორუხინო, დაე, შენი სახელი მუდამ დაწყევლილი ყოფილიყოს შენს ყოფილ თაყვანისმცემელთა გულებში“.

ბმული ვიდეოზე: აქცია-პერფომანსი ლონდონში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100