65 წლის „არწივი“ – თემურ წიკლაური და მისი გადამდები ომახიანობა
ორმოცამდე ცოცხლად შესრულებული სიმღერა და მხოლოდ რამდენიმე დუეტი სცენაზე, "არწივი" ისევ ფორმაშია. "ვმღერი ისე, როგორც ემღერება სულს" - ამ სახელწოდებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა, თემურ წიკლაურმა და მისმა შემოქმედებამ მთლიანად დაიპყრო.
შეუძლებელია ქართველი გერქვას, ქართველად გრძნობდე თავს და ამ დიდი ქართველის შემოქმედება არ მოგწონდეს, არ მოგწონდეს მისი ნაღდი ქართული, ვაჟკაცური ხმა, არ მოგწონდეს მისი ბუნება, მისი ქართველობა, შეუძლებელია ქართველად გრძნობდე თავს და ემოციების გარეშე უსმენდე მის შესრულებულ "იარონ"-ს, "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ"-ს (რომელიც, სხვათა შორის, თანამედროვე ახალგაზრდობის "ძააან ტაკოი ტიპებს" ურთიერთობის სლოგანად გაუხდიათ და აზრზეც არ არიან, საიდანაა ეს სიტყვები!)
თემო წიკლაურმა სოლო-კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა და 2500 მაყურებელი ემოციების გარშემო შეკრიბა, ქართველობა გაახსენა და სულიერი სიძლიერე შემატა, კონცერტის შემდეგ ერთი კითხვა მაინც გაჩნდა - საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა ენერგია, რაც ერთმა 2500-ს გაუნაწილა?
რაც შეეხება კონცერტის არაემოციურ ნაწილს - ასეთი უბრალოდ არ ყოფილა, ორ მოქმედებად დადგმული საღამო (ჯემალ ბაღაშვილის რეჟისორობითა და ბასა და თამარ ფოცხიშვილების ხელშეწყობით) ერთი კარგი ქეიფის სუფრასავით დამთავრდა, ქართულად, წესების დაცვით. და არც არავის შეუცხადებია ის, რომ მომღერალს რამდენგანმე ტექსტი აერია, ემოციები ვერ დაფარა, წაუცეკვა, წაუღიღინა – მოკლედ ფაქტი იყო, რომ თემო წიკლაური თავს ისე გრძნობდა სცენაზე, როგორც საკუთარ სახლში, ან რა გასაკვირია, როცა ის 40 წელია, სცენაზე დგას?! და მითუმეტეს მაშინ, როცა მეუღლე და შვილი გვერდით ჰყავდნენ, რომლებთან ერთადაც ემოციური სიმღერებიც შეასრულა. უდაოდ დიდი იყო დედისადმი მიძღვნილი სიმღერა და რომ შეიძლებოდეს, ის დედის ჰიმნადაც უნდა აღიაროს ვინმემ, ან უბრალოდ ყველამ საკუთარ დედას უნდა მიუძღვნას და შეძლოს ვინმემ ხშირად მოასმენინოს ქუჩაში, ბირჟაზე, თუნდაც სუფრაზე შეკრებილ ახალგაზრდა ქართველ ვაჟკაცებს (!) საკუთარი დედის გინება ვაჟკაცობის საზომად რომ გაუხდიათ!
ეს თემო წიკლაურის კონცერტი იყო - თავის ხუმრობით, თავის დიდი ბავშურობით (თუმცა წელს მას 65 წელი შეუსრულდა), თავის ერთგულებით და თავის სიყვარულით სამშობლოსადმი, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელიც ზუსტად, რომ მისნაირების გადასარჩენია, კაცების - რომელსაც ეროვნული სულისკვეთება შერჩათ და მისი განაწილება სხვებისთვისაც შეუძლიათ!
მადლობა თემო, რომ არსებობ და შეგიძლია სხვასაც ასწავლო, ქართველობა, ვაჟკაცობა და ერის სიყვარული, - კიდევ დიდხანს იმღერე თემო. . .
დიახ! თემო და არა ბ-ნო თეიმურაზ!
რადგან შენ ყველა ნაღდი ქართული ოჯახის წევრი უნდა იყო!
ნინო კრავეიშვილი
კომენტარი