სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალათბურთის ფედერაცია ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროვებს, რაში იხარჯება მილიონობით ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2014 წლის 27 სექტემბერს „ფონდ 5+11-თან“ და ესპანურ კლუბ „სასკი ბასკონიასთან“ ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება 5 წლიანია და ყოველ წელს ქართულმა მხარემ საქართველოს ბიუჯეტიდან უცხოელ პარტნიორებს 500 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 2 500 000 ევროა. უცხოელი პარტნიორების მხრიდან ძირითადი ვალდებულება 16-დან 20 წლამდე ქართველი კალათბურთელების და მათი მწვრთნელების მომზადებაა.

რამდენიმე მილიონად ღირებული კონტრაქტის დეტალები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, კალათბურთის ფედერაცია ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და პარტნიორებს თანხას ურიცხავს. ერთი წლის განმავლობაში ესპანურმა კლუბმა 500 000 ევრო და დამატებით ტექნიკური ხარჯების დასაფარი თანხა უკვე მიიღო. ამ საქმეში საინტერესო ის გახლავთ, რომ აღნიშნული 1 წლის, ანუ სეზონის განმავლობაში არც ერთი ქართველი კალათბურთელი და არც ერთი ქართველი მწვრთნელი კონტრაქტის ფარგლებში არ მომზადებულა.

კალათბურთის ფედერაციამ 2015 წლის 2 თებერვალს მინისტრის, ლევან ყიფიანის წერილი მისწერა, სადაც ხაზგასმით უთითებს, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა ქართველი სპორტსმენების და მწვრთნელების მომზადებისთვის იხარჯება: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მიმართული იქნება მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის კალათბურთელებად ჩამოყალიბების მიზნებისთვის“ - ნათქვამია ფედერაციის მოხსენებაში.

რა მოხდა რეალურად: 2 წლის განმავლობაში, კონტრაქტის ფარგლებში, არც ერთი ქართველი კალათბურთელი არ მომზადებულა. როგორც გაირკვა, „სასკი ბასკონიის“ ბაბაზე ამ ხნის განმავლობაში ერთი ქართველი კალათბურთელი, ლუკა ბულეიშვილი ვარჯიშობდა, რომლის მომზადების საფასურიც (17 000 ევრო) ოჯახმა გადაიხადა. ცალკე საკითხია, როგორ აღმოჩნდა ლუკა ბულეიშვილი ფედერაციის კონტრაქტით გათვალისწინებული გრანტით დაფინანსებულთა სიაში, როცა ყველა ხარჯი კალათბურთელის ოჯახმა აანაზღაურა.

სინამდვილეში, საქართველოს ბიუჯეტის ფულით „სასკი ბასკონიას“ ბაზაზე მომზადება 9 უცხოელმა კალათბურთელმა გაიარა. ანგარიშში, რომელიც ფედერაციამ სპორტის დეპარტამენტს გაუგზავნა, ჩამოთვლილია მოთამაშეების სია, რომლებიც ქართული გრანტით დაფინანსდნენ. ანალიზის გრაფაში „მოთამაშეები რომლებსაც აქვთ გრანტი ჩვენი ხელშეკრულებით “ ჩამოთვლილია: დანიელ ბორდინინო, კარლოს მარტინესი, ტადას ხედერკაკისი, რინალდს მალმანისი, პილლიპ პრეტრუსევი, ჯურიჯ მაკურა, არტურ კურუჩი, დავიდ პეტრუსევი, დევონ ვან ოსტრუმი; ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე.

გამოაშკარავდა, რომ გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე 1 თვეში სამშობლოში დააბრუნეს. ლუკა ბულაშვილის წვრთნის თანხა და სხვა დანარჩენი ყველა ხარჯი კალათბურთელის ოჯახმა აანაზღაურა და ქართული გრანტით მხოლოდ უცხოელმა კალათბურთელებმა ისარგებლეს.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ: „"ეს ხელშეკრულება გაფორმდა სპორტის ყოფილი მინისტრის პერიოდში, ეს ძალიან კარგად გვახსოვს. მაშინ ჩვენც ძალიან გვაინტერესებდა რა ხელშეკრულება გაფორმდა.

ის, რომ გამგეობის წევრმა, კახა შენგელიამ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ცოტა არ იყოს გაუგებარია. როდესაც საკითხს განიხილავენ ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, ამის შესახებ უნდა იცოდნენ გამგეობის წევრებმა.

შევხვდები ბატონ მიშა გაბრიჩიძეს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.თუ არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფოს ხარჯები და ხელშეკრულება არანაირ შედეგს არ იძლევა, წამგებიანია და კაბალური ხელშეკრულებაა, რა თქმა უნდა, გვექნება შეკითხვები“.საქართველოს კალათბურთის ერბვნული ფედერაცია ჯერ-ჯერობით დუმს და ხელშეკრულების შესრულების დეტალებზე ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100