სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში ღამისთევით საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. მრევლი ტაძრებში დღეს დილიდანაც მიდის.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ლოცვასთან, ცისკართან და წირვასთან ერთად გამთენიამდე გაგრძელდა.

საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.

ასევე, წაიკითხეს პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე. მასში ყურადღება ადამინებში პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების აუცილებლობაზეა გამახვილებული.

საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა პატრიარქს იუბილე, საქართველოს მოქალაქეებს კი შობა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრებიც და თბილისის მერი გიგი უგულავაც.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი შობის დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა და სადღესასწაულო წირვას მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად ჭორვილაში, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.

რიტუალი, რომელიც უკვე შობის განუყოფელ ნაწილად იქცა - პატრიარქის კურთხევით შობას ზუსტად 12:00 საათზე ყველა ოჯახი სარკმელში ანთებული სანთლით ხვდება. ამით, სიმბოლურად, თითოეული მორწმუნე უფალს და ღვთისმშობელს საკუთარ სახლში ეპატიჟება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100