როგორ გამოეცალა ხელიდან აჭარაში „ბაბუს“ „ბაბუინები“ – აჭარული ქრონიკა
6 მაისის რევოლუციისკენ სვლა სრულიად აჭარამ ჯერ კიდევ 2003 წლის ოქტომბერ–ნოემბრიდან დაიწყო. ამ სვლის დროს იყო მსვლელობები, დემონსტრაციები, პიკეტები, ცხვირპირგასისხლიანებული ბათუმელებიც იყვნენ და არამარტო ბათუმელები.
ჯერ კიდევ 2 მაისს, როცა „ბაბუს“, იგივე "აჭარის (კურდღლად წოდებული) ლომის“, იგივე ასლან აბაშიძის ბრძანებით ჩოლოქისა და ქაქუთის ხეიდები ააფეთქეს და ამით აჭარა დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებული დატოვეს, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ 6 მაისს ბათუმში გიორგობა აჭარის ავბედითი ლიდერის გარეშე გათენდებოდა.
რასაკვირველია, იმ დროისთვის აჭარაში უკვე იყო შექმნილი სიტუაცია, რომელსაც ისტორიკოსები „წინარევოლუციურს“ უწოდებენ და როცა ზედაფენებს არ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ქვედაფენებს კი ძველებურად ცხოვრება არ სურთ.
ასე რომ არ ყოფილიყო, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ბათუმელებითა და აჭარის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ხალხით არ გაივსებოდა და არც მიტინგები და პიკეტები გახშირდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ხალხს აშკარად შეეშინდებოდა ასლან აბაშიძის მხარდამჭერი სპეცრაზმელებისაც, რომლებიც დღითა და ღამით დაძრწოდნენ ბათუმის ქუჩებში, საგულდაგულოდ, ნიღბით იმალავდნენ სახეებს და ხელში მრავალნაცადი „კალაშნიკოვები“ ეჭირათ.
„ბაბუს ბაბუინები“ – ასე შეარქვა მათ ხალხმა ბათუმში და ეს სახელი – ბაბუინები – მათ საოცრად უხდებოდათ: სწორედ ბაბუინებივით იქცეოდნენ, ბაბუინებივით იფხანდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს და ერთადერთი, რაც ნამდვილი ბაბუინებისგან განასხვავებდათ, იყო ის, რომ ლაპარაკი (უფრო ყვირილი) და იარაღის სროლა შეეძლოთ.
მანამდე კი იყო 25–ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის, გენერალ რომან დუმბაძის განცხადება, რომელიც არ დაემორჩილა თავდაცვის მინისტრის ბრძანებას მისი გადაყენების შესახებ და განაცხადა, რომ მისი მთავარსარდალი ასლან აბაშიძეა და არა მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ბევრს გადამეტებულად ეჩვენებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები იმის თაობაზე, რომ დუმბაძე რუსეთის გენერალიტეტის მხარდაჭერითა და მფარველობით სარგებლობდა, მაგრამ ეს რომ ასე იყო და არა სხვაგვარად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამტკიცდა, როცა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული და გასამართლებული რომან დუმბაძე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ 12 დაკავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე გაცვალა...
რიგით მოსახლეობასთან ერთად 2004 წლის მაისამდე და მაისში აჭარაში ძალიან აქტიურობდნენ ჟურნალისტები. ამ სტატიის ავტორი რევოლუციამდე მთელი 3 თვით ადრე იყო მივლინებული აჭარის რეგიონში და იქ 7 მაისის ჩათვლით დაჰყო, ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას: „ბაბუინები“ ჟურნალისტებსაც ზუსტად ისევე ექცეოდნენ და ემტერებოდნენ, როგორც ასლან აბაშიძის მოწინააღმდეგეებს. „მწვანე კონცხზე“ მდებარე სატელევიზიო ანძაზე „ბაბუინებმა“ თანამშრომელიც კი მიავლინეს, რომელსაც ევალებოდა, არასასურველი ინფორმაციის თბილისში გავრცელება აღეკვეთათ, მაგრამ ეს მცდელობა ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც მთავრდება თავისუფალი აზრის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა. რასაკვირველია, იყვნენ „პრივილეგირებული“ ჟურნალისტებიც, რომლებსაც აჭარის ლიდერი ანებივრებდა, მაგრამ ბოლოს ისინიც დარწმუნდნენ, რომ „ბაბუს“ ვერაფერს უშველიდნენ...
სწორედ 2 მაისი და ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება გახდა ამოსავალი წერტილი მასობრივი გამოსვლებისკენ, რომლებიც ვერც გენერალ ბორისოვის სპეცრაზმმა, ვერც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟისთვის ცეცხლის გახსნამ ჩოლოქის ხიდთან, ვერც ჩოლოქის ხიდზე ასლან აბაშიძის ათასობით შეიარაღებულმა მომხრემ ჩაახშო: 5 მაისს ზურაბ ჟვანია იყო პირველი, რომელიც ჩოლოქზე გადავიდა და ხალხთან ერთად ბათუმისკენ გაემართა.
როგორც კი მიხვდნენ, რომ „ბაბუს“ წყალი შეუდგა, მას შეიარაღებული „ბაბუინები“ თანდათან შემოეცალა ხელიდან და ზღვა ხალხის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეუიარაღებელ ხალხთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადეს. მარტო დარჩენილ ასლან აბაშიძეს ისღა დარჩენოდა, მოსკოვიდან თავისი მფარველები ეხმო. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ივანოვი ბათუმში ჩამოფრინდა და ასლან აბაშიძე, თავის მცირერიცხოვან რჩეულებთან ერთად, მოსკოვში გაიყოლია.
აეროპორტში გამგზავრებამდე ყოფილი ლომი უზენაესი საბჭოს წინ, მოსახლეობასთან დასამშვიდობებლად გავიდა და შეიარაღებულ მომხრეებს დაშლისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ფოთის სასტუმრო „ამკორიდან“, სადაც რევოლუციის წინაპერიოდში საქართველოს ხელისუფლების საგანგებო შტაბი ფუნქციონირებდა, ზურაბ ჟვანის კვალდაკვალ მთავრობის სხვა წევრებიც აჭარაში გადავიდნენ, მალე კი მათ კვალს მიხეილ სააკაშვილიც მიჰყვა. სწორედ 2004 წლის 6 მაისს, ღამის 3 საათზე ითქვა ისტორიული სიტყვები: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“
კომენტარი