წვიმა ისევ მოსალოდნელია. სასმელი წყალი უსაფრთხოა. უკანონო, საშიშ ნაგებობებს დაანგრევენ
სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით უხვ ნალექს ელიან. წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც."წვიმას ისევ ველოდებით. დღესაც მოსალოდნელია წვიმა და ამ დღეებშიც რჩება ძლიერი წვიმის საშიშროება ლოკალურ ადგილებში", - აცხადებს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე და აღნიშნავს, რომ ნალექი ნგრევას აღარ გამოიწვევს.
,,ისეთ წვიმას, როგორიც წუხელ იყო არ ვვარაუდობთ, მაგრამ შესაძლებლია ძლიერი წვიმის საშიშროება ლოკალურ ადგილებში", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა. 16 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.
"აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია, იყოს ძლიერი წვიმა. უკვე 16 მაისიდან გამოიდარებს დასავლეთში უნალექოდ, აღმოსავლეთში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კი წუხანდელ წყალდიდობებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს . როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა და ნიაღვრებმა, მდინარე არაგვის და მისი შენაერთების ადიდება გამოიწვია, რამაც არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას პრობლემები შეუქმნა.
"აღნიშნულის გამო, თბილისის გარკვეული უბნების წყალმომარაგებაში შეზღუდვებია შექმნილი. ამჟამად წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-სოლოლაკის, ნაძალადევის, ჩუღურეთის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში.
შექმნილ მდგომარეობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხზე. თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხდებით, ის საცხოვრებლები, რომლებიც თბილისში თავის დროზე ქაოტურად, უკანონდ აშენდა უნდა დაინგრეს. ამის შესახებ მერმა "რუსთავი 2"ის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქ ცხოვრება სახიფათოა და ეს გუშინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა.
"ჩემი აზრით, ამ ადგილებში ცხოვრება სახიფათოა და ეს შენობები უნდა დაინგრეს. წუხანდელი წვიმის შედეგად ძირითადი პრობლემა ისეთ ადგილებზე შეიქმნა, რომელთა განაშენიანება თავის დროზე ქაოტურად, უკანონდ მოხდა. ამას ვერც დავარქმევ სრულფასოვან საცხოვრებელ სახლებს, ეს იყო ავტოფარეხები, სადაც ცხოვრება წარმოუდგენელია", - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, როგორ განვითარდა მოვლენები: დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. წვიმა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით 11 საათისათვის გაძლიერდა. ორთაჭალაში კოკისპირული წვის გამო მოვარდნილმა ღვაცოფმა მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და მდინარე მტკვარი სავალ გზაზე გადავიდა. ფერდობებიდან ჩამოსულმა წყალმა ქუჩები და სახლები დატბორა და მანქანები ამოაბრუნა. წყალმა შლამი და მოგლეჯილი ხეები სახლებში შეიტანა. ამოყირავებული მანქანებისგან გზის გასათავისუფლებლად მძიმე ტექნიკის გამოყენებაც გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სტიქიის შემოტევის პირველი წუთებიდანვე წყალდიდობის ზონაში იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავა.
თბილისის თითქმის ყველა უბანში ქუჩები დაიტბორა. მძიმე მდგომარეობაა წყნეთის ხევშიც. ადიდებული წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. რთული მდგომარეობაა ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში, სადაც დატბორილია 9-სართულიანი შენობების პირველი სართული და მოსახლეობა ბინებიდან ეზოში გამოსვლას ვერ ახერხებს. დატბორილია ასევე ლიუბლიანას ქუჩის ეზოებიც.
მთაწმინდის რაიონში სარაჯიშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ზუბალაშვილების ქუჩაზე კვირიკაშვილების საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. მეორე ჩიხში კედლის ჩამონგრევა ძლიერმა ნალექმა გამოიწვია. ჩამონრგეულია საცხოვრებელი სახლის სველი წერტილები. საყრდენი კეთლის ჩამონგრევამ კანალიზაციის ქსელის დაზიანება გამოიწვია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ნგრევისას არავინ დაშავებულა.
კომენტარი