სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმპოტენტების მძიმე ხვედრი შუაგულ ევროპაში

ტერმინი „იმპოტენტი“ დღევანდელი გაგებით საზოგადოებისაგან მსგავსი ნაკლის მქონე ადამიანის მიმართ სიბრალულისა და, შესაძლოა, თანაგრძნობის ემოციასაც იწვევდეს, მაგრამ საფრანგეთში, XVI–XVII საუკუნეების მიჯნაზე იმპოტენტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები იმართებოდა - შეიძლება ითქვას, ეს იყო იმპოტენტების სასამართლო პროცესების ეპოქა.

რადგანაც თეოლოგები ქორწინებას წმინდა რიტუალად თვლიდნენ, იმ დროისათვის იმპოტენცია, შესაბამისად, უბრალოდ ფრუსტრაციის წყარო კი აღარ იყო, არამედ ნამდვილი დანაშაული. ითვლებოდა, რომ იმპოტენცია გამოწვეულია თესლის ზღვარგადასული გაფლანგვით, ხოლო აქედან კეთდებოდა დასკვნა - რაკი მამაკაცს ეს თესლი აკლდება საკუთარი მეუღლისათვის, ესე იგი ის მეტ ყურადღებას უთმობს სხვის ცოლებს, ან ნორმაზე მეტად მასტურბირებს.

ერექციის გამოკვლევა შედიოდა სასამართლოს იურისდიქციაში იმ უბრალო მიზეზით, რომ იმპოტენცია ითვლებოდა განქორწინების მიზეზად. თუკი ქალს სურდა არასასურველი ქორწინება დაერღვია, საკმარისი იყო - საფუძვლიანად და გნებავთ უსაფუძვლოდ - დაებრალებინა ქმრისთვის იმპოტენტობა. თუ ქალი იგებდა პროცესს, მამაკაცს არა მარტო აჯარიმებდნენ და მეორედ უკრძალავდნენ ცოლის მოყვანას, არამედ აიძულებდნენ ცოლის ოჯახისთვის მზითვის დაბრუნებას.

პროცესის მოსაგებად კი მამაკაცს უნდა დაემტკიცებინა ერექციის უნარიანობა და ამას ხშირად რამდენიმე ვიზიტის განმავლობაში არკვევდა „ექსპერტთა“ მთელი ჯგუფი: ექიმები, რომელთა შორის აუცილებლად იყვნენ ქირურგები, სამართალდამცავნი და ათასი სხვა ჯურის შემმოწმებლები.

ბრალდებულის შემოწმება ხდებოდა სახლში და არა სასამართლო დარბაზში, მაგრამ ეს საქმეს როდი აიოლებდა. დათქმულ დროზე კომისია მოდიოდა და იცდიდა საძინებლის კარებთან, ვიდრე დამნაშავე არ დაიძახებდა, რომ მზად არის ექსპერტიზისთვის. კომისიის წევრები ირგვლივ შემოეწყობოდნენ ხოლმე საწოლს და საბანგადახდილი ბრალდებული იწყებდა თავისი „სიმდიდრის“ დემონსტრირებას. კრიტიკოსები მეტად მკაცრნი იყვნენ: „მისვლისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადგილი ჰქონდა ერექციას“, - ნათქვამია ერთ-ერთ საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც მოჰყავს პიერ დარმონს თავის წიგნში „საქმე იმპოტენციის შესახებ“ – „მაგრამ ის არ იყო საკმარისი სამეუღლეო ურთიერთობისათვის“. თუკი მკითხველი დაინტერესდება, როგორ დაადგინეს ეს უუნარობა, იქვე იხილავს პასუხს: „ხელის მოკიდებით დავადგინეთ, რომ დუნე იყო“.

კომისიის წევრებს არ ეზარებოდათ უფრო დაწვრილებით თვალიერებაც, იქამდე, რომ სხვა ბრალდებულის, ვინმე ჟაკ ფრანსუა მიშელის უკანა გასასვლელში მათ უნახავთ „შესიებული ჰემოროიდალური კვანძები“.

იყო შემთხვევები, როდესაც სამართალში მიცემულნი საგანგებო ზომებს მიმართავდნენ: მარკიზ დე ჟევრმა, მაგალითად, თეატრალური ჯგუფი დაიქირავა, რათა კომისიის მოსვლის დროისთვის ვნებით აღსაგზნებად ურცხვი ვოდევილი ეხილა. სხვები ზოგჯერ თვალთმაქცობდნენ კიდეც - იგივე შესიებულ კვანძებიანი ბატონი მიშელი თურმე „მხოლოდ ცალი მხრით უჩვენებდა სასქესო ორგანოს, ხოლო ამ დროს ძირზე აჭერდა თითებს ასოს“.

დაახლოებით 1950 წლისათვის წარმოიშვა კიდევ უფრო აბსურდული იდეა. ერთმა ცნობილმა სამედიცინო ექსპერტმა გამოიტანა დასკვნა, რომ ერექცია თავისთავად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პოტენციის დამადასტურებლად. ამიერიდან ბრალდებულს შემმოწმებლებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია თავისი იარაღით შესაბამის წიაღში შეასრულოს მოქმედება ეაკულაციური დასასრულით. ახლა უკვე მოსიარულე სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქალის გენიტალიები: „ბრალდებულის ცოლს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, სათანადოდ მოხდა თუ არა მის სასქესო ორგანოში სპერმის შეღწევა - როგორ, რანაირად და ა.შ.“

მთელი ეს სიტუაცია ერთდროულად მიაგავდა ძალადობასაც და ბურლესკსაც - ერთგვარ თეატრალურ შოუს: მართლაცდა, თუკი კაცი წარმატებით გაართმევდა თავს ამოცანას, მაშინ ცოლი აგებდა პროცესს. იყო წარმოუდგენელი ურთიერთბრალდებები, მაგალითად ასეთი: „მამაკაცი უჩივის ცოლს, რომ ის არ ასრულებინებს სქესობრივ აქტს, ცოლი კი საპასუხო ბრალდებით იფიცება, ეს იმის ბრალია, რომ ქმარი ასოს მოქმედებას წინ უსწრებს თითის მოქმედებით“.

საბედნიეროდ, 1677 წელს წერტილი დაესვა ყოველივე ამას. სახელმწიფო პროკურორმა ასეთი პრაქტიკა გამოაცხადა ურცხვად და დამამცირებლად და კონგრესმა მსგავსი სასამართლოები გააუქმა ერთხელ და სამუდამოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100