სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 12 მაისს იუწყება:

„ახალი ამბავი

ტფილისი

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემის საქმე. ამ თხზულებათა გამომცემელი ექ. მიხ. გედევანიშვილი შედგომია ყველა იმ მასალის შეგროვებას რომელსაც ილიას ცხოვრებასთან რაიმე კავშირი აქვს. გამოირკვა, რომ ამგვარი მასალები მეტად ცოტა ყოფილა და ისიც სხვა და სხვა ალაგას გაფანტული, მაგრამ გამომცემელს ახლავე უკვე ხელში ჩავარდნია ილიას ზოგიერთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო წერილები 1858-1874 წლ., რამოდენიმე სურათი ილიას სტუდენტობის დროს. ამავე გამომცემლის დავალებით ცნობილ ჩვენ პროფესორს ივ. ჯავახიშვილს პეტერბურგის უნივერსიტეტში შეუგროვებია ილიას სტუდენტობის შესახებ ცნობები და მასალები. სარედაქციო კომისიაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მასალების შეგროვებას და შემუშავებას. კომისიაც და გამომცემელიც დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა, ვისაც კი რაიმე შესაფერი მასალა მოეპოვება, მიაწვდის გამომცემელს.

მამადავითობა. ხუთშაბათს, 10 მაისს, მამადავითობა დღეს, აუარებელი ხალხი მიაწყდა მამადავითის ეკლესიას, სადაც მწირველი იყო გორის ეპისკოპოსი ანტონი. წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა პანაშვიდი გადაიხადა განსვენებულის პოეტის ილიას საფლავზე.

ილიას ძეგლის კურთხევა როდის მოხდება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგანაც ძეგლის მოაჯირის გაკეთება, რომელიც მინდობილი აქვს პეტრე მამრაძეს, სხვა და სხვა მიზეზის გამო შეფერხდა.

ე. ხრამელაშვილის ავადმყოფობა. როგორც გავიგეთ, ქართველ საზოგადოებაში კარგად ცნობილი მოღვაწე და ავტორი ქართულ სახელმძღვანელოებისა ეგნატე მაარის ძე ხრამელაშვილი ამ ჟამად მძიმედ ავად არის.

ნ. ა. პეტროვი, კავკასიის წყალთა ინსპექტორი, ბაქოს გუბერნიიდან ტფილისს დაბრუნდა.

ა. ქ. როლოვი, საბოტანიკო ბაღის დირექტორი, სოხუმიდან ტფილისს დაბრუნდა.

მოედანი სიონის ტაძრის წინ. ამ ტაძრის კრებულმა მემამულე ქართველიშვილთან მოლაპარაკება გამართა. კრებულს აზრად აქვს, მისგან ტაძრის წინ მდებარე მიწა შეიძინოს მოედნის გასაფართოებლად.

იუნკერები სურამში დღეს მიემგზავებიან საზაფხულოდ.

ახალი პიესა. ნამესტნიკმა ნება დართო, კავკასიის სცენებზე ქართულად წარმოადგინონ ვოდევილი „მე მოვკვდი“, თარგმანი დ. ბურჭულაძისა.

გვთხოვენ გამოვაცხადოთ: მინკვიცევის ქუჩაზე ეზო N31. შემოვიდა გზა დაკარგული ბავშვი დაახლოვებით ექვსი წლისა. ვერავითარ ცნობას ვერ იძლევა, სად ცხოვრობდა ან ვისი შვილია; ამბობს მხოლოდ გიორგის მეძახიანო, ლაპარაკობს სამს ენაზე: ქართულად, რუსულად და სომხურად. არ ვიცით რომელ ერს ეკუთვნის. პატრონს შეუძლიან მიჰმართოს ამ მისამართით: მინკვიცევის ქუჩა N31.

ქუთაისის ქალაქის გამგეობა ტფილისისას შეეკითხა, როგორი მონაწილეობის მიღებას აპირობთ რომანოვთა გვარეულობის სამასის წლის მეფობის იუბილეშიო.

ტფილისის მაზრა.

გაძარცვა. 5 მაისს სოფელ არახლოს მცხოვრები თათარი ვალიმულეი-ისა-ოღლი ცხენით მიდიოდა ნემეცების სოფელზე ელიზავეტალისაკენ. მას დაჰხვედრია ორი შეიარაღებული უცნობი, რომლებსაც გაუძარცვნიათ. წაურთმევიათ ფულად - 20 მანეთი და ცხენის აღვირი. გაძარცვის შემდეგ გაქცეულან, მაგრამ დროზედ მისწრებულს ჩაფრებს მძარცველები დაუჭერიათ. აღმოჩენილან - სოფელ გაოუბანის მცხოვრებნი: ივანე კელბერაშვილი და სიმონე ორთანეზოვი.

დაჭრა. 9 მაისს სოფ. მარტყოფის მცხოვრებმა, აბრამ მანავლიშვილმა თოფით დასჭრა მარცხენა ხელში - მარტყოფის სახელმწიფო ტყის დარაჯი იასონ გიორგის ძე კობიევი. დაჭრის შემდეგ მანავლიშვილი მიიმალა. მის დასაჭერად ზომებია მიღებული.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100