სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილს Facebook-ში უკვე მისსავე გვერდებზე უპირისპირდებიან

როგორც ჩანს, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სტანდარტების ერთ-ერთი პოსტულატი, რომელიც ჟურნალისტებს მოუწოდებს მასალის ბოლოს შემაჯამებელი ნაწილის დართვისკენ: „უთხარით მათ ის, თუ რის თქმას აპირებთ, შემდეგ უთხარით ის, თუ რის თქმას აპირებდით და ბოლოს, უთხარით მათ ის, თუ რა უთხარით მათ“ ბიძინა ივანიშვილმა თავისებურად გაიგო და პოლიტიკაში იყენებს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბევრი შეაჩვია მისი განცხადებების ჯერ მოსმენას, შემდეგ კი განმარტებას მისივე მხრიდან. განმარტებების არსი (თუნდაც, ბოლო, საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების პირებთან დაკავშირებული ფრაგმენტი გავიხსენოთ ინტერვიუდან) მუდამ ესაა: „ის კი არ მითქვამს, რაც ვთქვი, არამედ, აი, ეს გითხარით“.

დღეს ქართულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა ბიძინა ივანიშვილის მიერ თურქული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც კოალიციის ლიდერი ბათუმში დაგეგმილი აზიზიეს მეჩეთის აშენება-არაშენებაზე საუბრობდა. გაირკვა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მოყვანილი ივანიშვილის ციტატა: „ბათუმში აზიზიეს მეჩეთი დაგეგმილ ადგილას აშენდება“ თურქულ გამოცემაში მართლაც არაა. მაგრამ სამაგიეროდ, არის ფრაზა: "საქართველოში მეჩეთების მშენებლობა არასოდეს ყოფილა პრობლემა და არც ახლა შეეშლება ხელი ადრე დაწყებული პროექტის განხორციელებას."

თუკი ვინმე „გამპრავებელთაგანი“ ამ ფრაზაში ვერ ამოიკითხავს განწყობას, რომლის მიხედვითაც „პროექტის განხორციელებას ხელი არ შეეშლება“ = „ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება“, ეს მისი პრობლემაა, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ბათუმში გამარჯვებული კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურმან დუმბაძე სწორედ ამ მეჩეთის აშენებისადმი უარყოფითი განწყობით გახდა ბევრისთვის ცნობილი, ხოლო მისი ერთი ქსენოფობიური განცხადების გამო ივანიშვილს იმის თქმაც მოუწია, რომ დუმბაძეს აუცილებლად მოახდევინებდა ბოდიშს, თუმცა, დუმბაძისგან ბოდიში არ მოგვისმენია.

ჯერ არ არის დადგენილ-გარკვეული, როდის განგვიმარტავს ბატონი ივანიშვილი, რა გვითხრა მეჩეთთან დაკავშირებული განცხადებით, მაგრამ მანამდე მას „ფეისბუქზე“ დარეგისტრირებული, მისი მხარდამჭერი და მისივე კოალიციის სახელის მატარებელი არაერთი გვერდიდან ერთი უკვე დაუპირისპირდა. ამ გვერდის - ქართული ოცნება / Georgian dream ( Regional Page) ადმინებმა გამოაქვეყნეს ბათუმის იმ ადგილის ფოტო, სადაც მეჩეთის აგება იგეგმება და დაურთეს წარწერა: „არ გვინდა მეჩეთი ბათუმში!“ ფოტოს აღწერაში კი არის მოწოდება, დაპოსტონ ეს ტექსტი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“:
„◆ქართველები ვართ ტოლერანტები და უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ მუსლიმ ძმებს მაგრამ დამყრობლის სახელობის მეჩეთის აშენებას ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ ! ! ! ◆

დაპოსტეთ ეს ტექსტი Bidzina Ivanishvili officiall - ზე.“

აღსანიშნავია, რომ ამ მოწოდების გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში პოსტი 189 ადამიანმა მოიწონა, ხოლო 360-მა გაიზიარა... თავად ეს გვერდი „ფეისბუქზე“ გასული წლის 30 ოქტომბერსაა დარეგისტრირებული. მის აღწერაში აღნიშნულია: „ჩვენი გვერდი თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს (ეს არ არის ოფიციალური გვერდი), თუმცა, იქვე მითითებულია: Community Page about Bidzina Ivanishvili official , ხოლო ელფოსტის ერთ-ერთი ვარიანტი ეს გახლავთ: [email protected]

უპირისპირდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილს ისინი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ მის თანამოაზრეებად ითვლებოდნენ? დასკვნა თავად გამოიტანეთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100