სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შევარდნაძის აჩრდილი ქართულ ფეხბურთში

ვისაც ახსოვს, 90-იანი წლების დამდეგს, ეროვნული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისა და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის ზეობის პერიოდი საქართველოში, ისიც უთუოდ ემახსოვრება - ტრადიციული ღირებულებების აღდგენასთან ერთად, როგორ დაერქვა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევით, ქართულ საფეხბურთო კოლექტივებს მათი შესაფერისი ეროვნული სახელები - საბჭოურ-პროლეტარული „დინამოები“, „ლოკომოტივები“, „ტორპედოები“ ერთბაშად როგორ შეიცვალა „იბერიით“, „კოლხეთით“ ,“გორდათი“...

მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა ქართველების დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობით თავმოწონებამ: იანვრის გადატრიალების კვალად კრემლმა საქართველოში მოავლინა რუსული ნეოიმპერიალიზმისა და ნეობოლშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე, მკაცრი დავალებით - საქართველოში აღმოეფხვრა სწრაფვა ეროვნული თვითდამკვიდრებისაკენ, ხოლო სანაცვლოდ ქართველებისათვის შთაენერგა, რომ მათ არ შესწევთ უფროსი ჩრდილოელი ძმის გარეშე ცხოვრების ძალა და უნარი. ამ მიზნით, შევარდნაძეს, ნამდვილის ნაცვლად, სუროგატული თავისუფლება უნდა შეეჩეჩებინა თანამემამულეებისათვის - ქართული ჯარის წილ - ბუტაფორული გვარდიისა და „მხედრიონის“ ახლებური ნაზავით, ეროვნული ვალუტის წილ - კუპონით და, მათთან ერთად, მძარცველი ბანკებით, დაუსაქმებელი მოსამსახურეებით და გამათხოვრებული პენსიონერებით. ამ ღონისძიებათა უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდა ეროვნულობის ნიშნის წაშლა საქართველოში, რისთვისაც კრემლის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო დაჩქარებული წესით ქართული საფეხბურთო გუნდებისათვის ძველი საბჭოური სახელების დაბრუნება!

მაინც რად უნდა შინებოდა კრემლს ქართული საფეხბურთო კლუბების სახელებისა? საქმე ის გახლავთ, რომ სპორტული გუნდი (და, მით უფრო, საფეხბურთო კოლექტივი) დღევანდელ სამყაროში - ეს არის ერის თავისთავადობის, მისი მებრძოლი სულისა და ნებისყოფის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, ხოლო ეთნოგეოგრაფიულ კუთვნილებასა თუ ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებული ეროვნული სახელწოდებები არის მათი პასპორტი, იმის დასტურად, რომ დამოუკიდებლობის ნიშნით მსოფლიო არენაზე ახლად გამოსული ქვეყანა აფრიკული ჯუნგლებიდან ან რუსული ტაიგიდან კი არ არის მოვლენილი, არამედ უძველესი ისტორიულ-კულტურული სამკვიდროდან!

ამდენად, რუსული იმპერიალიზმის მესვეურთათვის, ცხადია, მიუღებელი იქნებოდა, რომ გუნდის სახელწოდება „იბერია“, სარდინიიდან პირენეის ნახევარკუნძულამდე და ბრიტანეთიდან თვით სამხრეთ ამერიკის კონტინენტამდე, მთელი იბერიული სამყაროს კეთილ და ნათესაურ მზერას მოაპყრობდა საქართველოსკენ, ხოლო ძველი ბერძნული მითებიდან ამოზრდილი „კოლხეთი“ - განათლებული და ინტელექტუალური მსოფლიოს ცხოველ ყურადღებას დაიმსახურებდა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა საქართველოს გამორიდებას რუსულ-სლავური ეროვნული და სოციალისტურ-საბჭოური პოლიტიკური სივრციდან და სასიკვდილო ლახვარს ჩასცემდა კრემლის პოლიტიკურ ამბიციებს!

ფეხბურთელებსაც ხომ სულ სხვა ფსიქოლოგიური განცდა და სულისკვეთება ექნებოდათ, თუკი ისინი „იბერიისა“ და „კოლხეთის“ შემადგენლობაში იასპარეზებდნენ და მათი პასუხისმგებლობაც უპირველესად თვით გუნდის სახელით იქნებოდა პირობადებული!

საქართველოს სრულიად განსხვავებული ეთნო-კულტურული ფენომენის შესახებ მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ გადატანილი ბატალიების შემდეგ გაიგო მსოფლიომ; მაგრამ ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, შევარდნაძის მიერ დსთ-ად მოდიფიცირებულ ძველ საბჭოურ სამყაროში დაბრუნებულ ქვეყანას ისევ პირვანდელი სტანდარტები შეუფარდა და მათ შესაფერის უღიმღამო ერთფეროვნებაში ჩაკარგა. ამ ერთფეროვნებაში იგულისხმებოდა ქართული გუნდების უსახური სახელებიც.

თუმცა, აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს ჭირი თითქმის ლხინად გვექცა, რადგან ის სირცხვილი და თავლაფისდასხმა, რაც არაერთგზის იწვნია ჩვენმა გუნდებმა ამ 20 წლის მანძილზე, სულ „დინამოებზე“ და „ტორპედოებზე“ მოდიოდა; ამდენად, არ შებღალულა ეროვნული პასუხისმგებლობის მქონე სახელები: „იბერია“ ან „კოლხეთი“, რადგან ერთია, როდესაც აგებს „დინამო“, „ტორპედო“, „ლოკომოტივი“, „ბოლტ-ქანჩი“ ან „ვინტი-გაიკა“ და მეორეა, როდესაც წყდება „იბერიისა“ თუ „კოლხეთის“ გამარჯვებისა და დამარცხების საკითხი!

სურათზე: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზეობის ხანაში გამოშვებული პირველი ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო კალენდარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100