„პუტინისტთა“მიტინგზე სიმღერის შემდეგ ქეთა თოფურიამ თბილისში ქორწილის გადახდა გადაიფიქრა
ქეთა თოფურიას ჯერ არ გადაუწყვეტია, გადაიხდის თუ არა ქორწილს თბილისში. მისი გეგმები გარკვეულწილად, 23 თებერვალს პუტინის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლამ შეცვალა. იმ ფაქტმა, რომ ქეთამ "ლუჟნიკებზე" პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ პუტინს უმღერა, ქართველ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. თებერვალში თბილისში ყოფნის დროს, ქეთა აცხადებდა, რომ გაზაფხულზე თბილისში ვიწრო წრეში ქორწილის გადახდას აპირებდა. "რაც შეეხება ჯვრისწერას, ის არ იქნება, რადგანაც მე და ლიოვას სხვადასხვა რელიგია გვაქვს",-აცხადებდა ქეთა თოფურია.
როგორც "ჯეონიუსს" პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ განუცხადა, "ქეთა მაშინ ჩამოდის საქართველოში, როდესაც გამოუჩნდება თავისუფალი სამი დღე. ეს ხდება მისი კონცერტების გრაფიკიდან გამომდინარე. რაც შეეხება ქორწილს, ამ თემაზე ვისაუბრეთ და ქეთას საერთოდ არ სურს ქორწილის გადახდა. ალბათ, ვიწრო წრეში აღნიშნავენ, მაგრამ ესეც არ არის გადაწყვეტილი".,-განაცხადა ნატო დუმბაძემ.
ქეთას დედის ნატა თოფურიას თქმით, ქეთას კონცერტზე გამოსვლას პოლიტიკური დატვირთვა მისცეს, რაც არასწორია. " მე ვფიქრობ, რომ ეს მარაზმია. ამ თემაზე საუბარი არ მსურს და არც კომენტარებს ვაკეთებ. არ მაინტერესებს პოლიტიკა, მიყვარს ჩემი ქვეყანა. რუსეთის მოქალაქე ვარ და პატივს ვცემ იმ ქვეყანასაც. მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს კარგად, ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და რომ ვერკვეოდე, ალბათ, პარლამენტში ვიჯდებოდი",-განუცხადა "ჯეონიუსს" ქეთას დედამ, ნატა თოფურიამ.
როგორც ჩანს, 23 თებერვალმა ქეთას გეგმები შეცვალა. როდის ჩამოვა ის თბილისში, ამის შესახებ მისმა დედამაც არაფერი იცის.
კომენტარი