სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
შინაგან
საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა
2014 წელს შსს-ს სასაზღვრო
პოლიციაში განხორციელებული
სასაზღვრო ინფრასტრუქტურული
ღონისძიებების შესახებ ანგარიში ოფიციალურად
წარადგინა. ანგარიშის
წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს,სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს და მესაზღვრეებს. "ჩვენი საზღვრების ურყევობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმე, პასუხისმგებლობაზე და თავგანწირვაზე", – მიმართა პრემიერმა მესაზღვრეებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს და აშშ-ის მიერ გაწეული დახმარებისთვის მალდობა გადაუხადა.
პრეზენტაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე გაიმართა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.მოწვეულ სტუმრებს შორის მთავრობის წევრები, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლები იყვნენ.
პრეზენტაციის დასასრულს ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო იმ სექტორების ძველი და ახალი ფოტოები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშენდა და გაიხსნა. ასევე გაიმართა მესაზღვრეთა დაჯილდოების ცერემონია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის რვა მოსამსახურე მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ და მედლით „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.
2013-2014 წლებში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე აშენდა და გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 3 ახალი სასაზღვრო სექტორი, საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე - 2 ახალი სექტორი, საქართველო-სომხეთის მონაკვეთზე - 4 სასაზღვრო სექტორი, ხოლო საქართველო-თურქეთის მონაკვეთზე - 1 სასაზღვრო სექტორი. წლის ბოლოსთვის კიდევ დაგეგმილია 3 ახალი სექტორის გახსნა. ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას შეუწყობს ხელს.
2014 წელს დაიწყო და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ახალი ბაზის მშენებლობა, რომელიცშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ახალი ბაზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
კომენტარი