სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შპიგელთან“ივანიშვილმა საკუთარ თავს „ქვეყანაში უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი“ უწოდა

საინფორმაციო სააგენტო „ივერონმა“ გამოქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გერმანულ „შპიგელს“ მისცა.

ივანიშვილი ინტერვიუში ისევ იმეორებს აზრს, რომ საქართველოში არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „სააკაშვილმა იყიდა“, ხოლო კონფლიქტების მოგვარების გეგმებზე დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენ ჩვენს ძმებთან და მეგობრებთან პირდაპირი საუბრები უნდა ვაწარმოოთ. უნდა ვისაუბროთ რუსეთთან. ჩვენი ისტორია და დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანი თანაარსებობა უნდა გვახსოვდეს.“

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს „ქვეყანაში უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი“ უწოდა.

გთავაზობთ „შპიგელთან“ ინტერვიუს ფრაგმენტებს:

- თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა ასეთი უსიამოვნოა, რატომ არ უჭერთ მხარს უკვე არსებულ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას?

- სააკაშვილმა გარკვეული პოლიტიკური პარტიები იყიდა. ეს ფსევდო-ოპოზიციური პარტიებია, ნამდვილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კი მოქალაქეების ნდობა დაკარგეს. მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში. ბევრი ფული მაქვს, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ხალხის ნდობაა.

_ რატომ ყიდულობთ მთლიან გვერდს ისეთ ამერიკულ გაზეთში, როგორიც არის The Washington Post? თქვენ დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდეთ...

- ამერიკამ საქართველო თავის პატარა მოკავშირედ აირჩია. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში დემოკრატიას ქმნის, მაგრამ ეს უბრალოდ ფასადურია. მინდა, რომ ამერიკას სააკაშვილის ნამდვილი სახე ვაჩვენო. სააკაშვილი მათ თვალს უხვევს.

- რას გულისმხობთ?

- როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ორი წლის განმავლობაში, 2004 წლისთვის დემოკრატიული სისტემა ნამდვილად შექმნა, მაგრამ შემდეგ გზიდან გადაუხვია და ახლა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ქმნის.

- რას მოითხოვთ ამ ვიარებაში დასავლეთისგან?

- უფლება არ მაქვს, დასავლეთს რაიმე მოვთხოვო, მაგრამ მინდა, ვთხოვო, ქვეყანაში რეალურ მდგომარეობას თვალი გაუსწოროს და სააკაშვილს მოტყუების შესაძლებლობა აღარ მისცეს. ევროპამ და ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ დაპირებებისთვის, არამედ ქმედებებისთვის უნდა დასაჯონ. სხვა შემთხვევაში სააკაშვილი ქვეყანას დიქტატურისკენ წაიყვანს.

- სააკაშვილის ზედმეტად ნეგატიურ სურათს ხომ არ ხატავთ? მან გაატარა პოლიციის რეფორმა, რომელსაც საზღვარგარეთ დიდ ყურადღებას აქცევენ...


- პოლიციის რეფორმა წარმატებული იყო. მათ ქრთამის აღება შეწყვიტეს, კორუფციას ხელისუფლებაში დაბალ დონეზე ებრძვიან, მაგრამ მაღალ დონეზე ხალხის პატარა ჯგუფები საკუთარ საფულეებს ივსებენ.

- ხელისუფლება კრემლის აგენტს გიწოდებთ. თქვენ წარმატებას რუსეთში მიაღწიეთ. რამდენად დავალებული ხართ რუსეთისგან?


- ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს ვალდებულება, ჩემი ხარჯების 99 პროცენტი საქართველოზე მოდის. ყველა თეატრი და მუზეუმი აღვადგინე. გზები, 50 ახალი სკოლა ავაშენე. თუ რუსეთის აგენტები ასე იქცევიან, ჩემს ქვეყანას ასეთი აგენტების იმედი უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, რუსეთში 10 წელია, არ ვყოფილვარ.

- როგორ აპირებთ კონფლიქტების გადაჭრას?


- ჩვენ ჩვენს ძმებთან და მეგობრებთან პირდაპირი საუბრები უნდა ვაწარმოოთ. უნდა ვისაუბროთ რუსეთთან. ჩვენი ისტორია და დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანი თანაარსებობა უნდა გვახსოვდეს.

- აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობას რა შემთხვევაში დათანხმდებით?

- ქართველი ხალხი ამ რეგიონების დამოუკიდებლობას არასოდეს დაეთანხმება.

- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ თქვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. რატომ არ შეხვდით მას?

- მან მე იმ შეხვედრაზე დამპატიჟა, რომელსაც სააკაშვილის ჯიბეში მყოფი ფსევდო-ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესაძლოა, მას დეზინფორმაცია მიაწოდეს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100