სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში VIP ნომრებიანმა მანქანებმა ქვეითად მოსიარულეები გაიტანეს

„დომოდედოვოს“ აეროპორტიდან მომავალი „მერსედესი“ და „ლენდ კრუიზერი“ მოსკოვში ქვეითად მოსიარულე ოთხ ადამიანს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში ლენინის რაიონში მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეები მწვანე შუქზე, გადასასვლელზე გადადიოდნენ. მოქალაქეები იქვე, მშენებლობაზე დასაქმებული მუშები იყვნენ.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვითმხილველთა თქმით, ოთხი მუშიდან ორი ხეივანში გადააგდო, ორი კი „ლენდ კრუიზერის“ უკან მომავალი „მერსედესის“ ბორბლებქვეშ აღმოჩნდა. თვითმხილველებმა კარგად შეამჩნიეს „მერსედესის“ ნომრების VIP სერიაც: ММР. ერთ–ერთი ვერსიით, ამ მანქანით აეროპორტიდან მსხვილი ბიზნესმენი მგზავრობდა, ხოლო წინ მიმავალი ჯიპი „გზას მიუკვლევდა“. უკვე დადგენილია, რომ ორივე მანქანა ერთი კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული.

საშინელი ავარიის შედეგად სამი მუშა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად სამართალდამცველებიც მივიდნენ, ცნობისმოყვარეთა თვალისგან დასაცავად მათ ნაჭრებით დაფარეს მანქანების ის ნაწილი, სადაც VIP სერიები – ММР და КМР იყო დაფიქსირებული. ეს სერიები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს VIP–სერიებია და მას მხოლოდ გავლენიან თანამშრომლებსა და უწყებასთან დაახლოებულ პირებს აძლევენ.

რუსმა ბლოგერებმა მაშინვე დაწერეს, რომ „ლენდ კრუიზერზე“ к424мр77, ხოლო „მერსედესზე“ м552мр77 იყო მიმაგრებული. როგორც ბლოგერები წერენ, ამით მათ საქმის მიფუჩეჩების მცდელობას შეუშალეს ხელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100