„სერიალ "ქერჩის" გამო თეატრალურში მესამე კურსზე ჩავრჩი...ფინანსური პრობლემების გამო ჩანთების კერვა დავიწყე“- დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი გრძელიძესთან
მასთან საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა, ის არა მხოლოდ გარეგნობითაა მომხიბვლელი, არამედ სულიერადაც... დიახ, იშვიათია მისნაირი სულიერი სიძლიერის მქონე ადამიანი. მამის პანაშვიდების დრო გადაღებებზე უწევდა ყოფნა, ფილმ „მძევლებში“ კი თავისი როლი კარგად რომ გაეთავისებინა, გარდაცვლილი სოსო წერეთელის ოჯახიც კი გაიცნო
და მათთვის ძალიან ახლობელ ადამიანად იქცა. მამის გარდაცვალების შემდეგ 23 წლის მსახიობს დიდი პასუხისმგებლობა დააწვა და
ჩანთების კერვა დაიწყო, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარულ ბიზნესად აქცია. ის ძალიან
პოპულარული ბიჭია გოგონებში, თუმცა ამბობს რომ თავად ჯერ არასდროს ყვარებია.
საინტერესო დამოკიდებულება სცენის მტვერთან და ნათამაშები
კინო-როლები.
დრონი.ჯი მსახიობ გიორგი გრძელიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- საზოგადოებას უფრო ახლოს რომ გავაცნოთ შენი თავი
- ვინ არის გიორგი გრძელიძე?
- ბავშვობაში ძალიან
მიყვარდა ფილმები. ჩემები მუშაობდნენ და სახლში ძირითადად მარტო ვიყავი , ხშირად სკოლაშიც არ წავსულვარ იმის გამო, რომ ტელევიზორში
კარგი ფილმი გადიოდა. ყველა პერსონაჟი მომწონდა და მინდოდა ყველა ერთად გამოვსულიყავი.
ბოლოს დავფიქრდი და მივხდი, რომ ყველაფერი
რომ გახდე და ყველა როლი რომ მოირგო ცხოვრაბაში,
უნდა გახდე მსახიობი, ამიტომაც გადავწყვიტე თეატრალურში ჩამებარებინა. თუმცა
პირველ წელს ვერ ჩავაბარე, და ეს რთული გადასატანი იყო. ჯერ საკუთარ შესაძლებობეში
დავეჭვდი და მერე ძალიან შემრცხვა ჩემი მშობლების, რომლებიც თან მყვებოდნენ მომზადების პროცესში, საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს ჩემს სწავლაში. არ ვიცოდი როგორ
მეთქვა, სიტყვა ჩავიჭერი. მამაჩემმა როცა გაიგო
ეს ამბავი, მითხრა: ხომ გინდა ეს პროფესია,
ხომ გიყვარს და ხომ გაქვს მომავალში იმედი ?! ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, შემდეგ ჯერზე მოხვდებიო.
ეს ძალიან დამეხმარა. მეორე წელს გავედი და
მე ძალიან გამიმართლა, ბატონი გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი, რომელიც, ჩემი
აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი იყო, სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის.
სწავლის პერიოდში,
ძალიან არ მომწოინდა მიდგომა თეატრის მიმართ, რომ „თეატრი არის სიწმინდე“ , „ო სცენის მტვერი“. ნუ ეს ზე-ფანატიკური მიდგომა მიუღებელი იყო, არასდროს მქონია ეს
დამოკიდებულება, ვერასდროს ვხვდებოდი ეს მტვერი რა საჭირო იყო, რომელიც
ძაან ცუდი რაღაცაა, ბაქტერიებია, ჭუჭყია და
კოშმარი (იცინის).
მესამე კურსზე ვიყავი
როდესაც იწყებოდა სერიალი ქერჩი, ძალიან ბევრი მოვინდომე, დავურეკე ქასთინგ მენეჯერს
და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მისვლა. ქასთინგ აგენტმა მითხრა, რომ ჯერ თვითონაც
არ იყო საქმის კურსში და როცა რამე მსგავსი დაიწყებოდა აუცილებლად დამირეკავდა, ნუ
მე პერიოდულად ვეხმიანებოდი, რომ არ დავვიწყებოდი. მოკლედ გამიმართლა და ამიყვანეს
ამ სერიალში. იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ საკურსო სპექტაკლი დაგვემთხვა, სადაც ვერ
ვითამაშეთ და ამის გამო ოთხნი მესამე კურსზე ჩავრჩით.
ძაან დამწყდა გული
იმაზე, რომ ძალიან კარგ პედაგოგთან ვიყავი და ვერ დავამთავრებდი მის ჯგუფს, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით ეს ბევრის
მომცემი იყო და არ ვინერვიულე. პროფესიული
განათლება, რასაც პრაქტიკაში ღებულობ ძალიან მნიშვნელოვანია და თან ყველა სფეროში.
სანამ დავამთავრებდი სწავლას, რეზო გიგინეიშვილის ფილმში „ მძევლები“ ვითამაშე. ამის მერე
იყო მხატვრული ფილმი გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“,
ძალიან საინტერესო იყო უბრალოდ ცუდად დამამახსოვრდა. გადაღებების დროს გარდამეცვალა
მამა და ძალიან რთული იყო ის პერიოდი. მოკლედ
პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა რომ 90% -ით
არის იმის შანსი, რომ ფილმი საერთოდ ვერ გადავიღოთო, რადგან
ამინდები ფუჭდებოდა და გარეთ გადასაღები
სცენები გვქონდა დარჩენილი, ამის გამო პანაშვიდები როცა იყო, მე გადაღებებზე მიწევდა
ყოფნა. ამ გადაღებებმა კარგი ის გააკეთა, რომ ძალიან დამეხმარა იმ პერიოდის გადატანაში.
ამის შემდეგ იყო დიტო ცინცაძის „შინდისის გმირები“ სადაც ეპიზოდურ როლს ვთამაშობ და
ახლახანს ვითამაშე ბესო სოლომონაშვილის სერიალში
„ვაკანსია მკვლელის თანამდებობააზე“.
- მსახიობებს მთელი ცხოვრება გიწევთ თამაში ფილმებსა თუ სცენაზე, ამა თუ იმ გმირის ხასიათისა და ტიპის
მორგება. ცხოვრებაში თუ თამაშობ ხოლმე საკუთარი
თავის მიღმა?
- ეს ისეთი კითხვაა,
რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაუსვამს ცხოვრებაში და ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს,
რომლებიც ურთიერთობაში შემოდიან, განსაკუთრებით გოგონებს. „უი შენ მსახიობი ხარ? ახლა
თამაშობ?“ - აი, ამას გეკითხებიან ურთიერთობის იმდენად ყველა ეტაპზე,
რომ საბოლოოდ ცოტა დამღლელია. ნუ, მერე
ეს ურთიერთობა არის იმის მტკიცება, რომ არ თამაშობ და მართლა ასეთი ხარ. რეალურად იმდენად
ბევრს ვთამაშობთ (თუ გვიმართლებს კარიერულად) კინოშიც და თეატრშიც, რომ რეალურ ცხოვრებაში (ასეთი გამონათქვამი არის - მსახიობები ცხოვრებაში უფრო თამაშობენ ვიდრე სცენაზეო, რადგან იქ უფრო
გულწრფელები არიანო) არვიცი, რთულია პასუხი
გაგცე, შესაძლოა რაღაც მომენტი იყოს ისეთი,
რომ მოგიწიოს თამაში. ყოველდღიური ცხოვრება და უშუალო ურთიერთობები რასაც ქვია, აქ
ალბათ, ყველაზე ნაკლებად!
- თუ გითამაშია ისეთი გმირი, რომელიც გაღიზიანებს, არ
ჯდება შენს ხასიათში და მერე, ცხოვრებაში მსგავსი
„ტიპების“ მიმართ თუ გიმძაფრდება უარყოფითი დამოკიდებულება?
- იცი რა არის,
მსახიობს იმისთვის ქვია მსახიობი, რომ შეიძლება
პერსონაჟი იყოს შენთვის სრულიად მიუღებელი, მაგრამ გიწევდეს ამ როლის მორგება და თამაში.
ეს ყველაზე რთული პროცესია, რადგან საკუთარ თავთან დიდ წინააღმდეგობაში გიწევს მოსვლა.
იმის გამო, რომ შენ ასეთი პერსონაჟი განასახიერე, მსგავსი ტიპის ადამიანები უფრო მეტად არ გზიზღდება,
მაგრამ რა დამოკიდებულებაც გქონდა იგივე გრჩება. პერსონაჟის გამო მსგავსი ტიპის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალოს, არასდროს მქონია პრაქტიკაში.
- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდი?
- მეწაღე და ვარ კიდეც. მოკლედ იყო ასეთი მომენტი, რომ
მინდოდა შემეძინა ტყავის ჩანთა. ინტერნეტში
რაც ვნახე ძალიან ძვირი იყო, მე მჭირდებოდა პიესები ჩამელაგებინა და მეტარებინა. სრულიად
შემთხვევით ინტერნეტში ვნახე როგორ ამზადებდნენ ჩანთებს და გავიფიქრე, ამის გაკეთებას
არაფერი უნდოდა. ეს ხომ ძალიან მარტივია-მეთქი. წავედი ბაზრობაზე, ვიყიდე ტყავი, რომელიც
სულაც არ იყო ძვირი, მოვიტანე სახლში, დავჭერი შესაბამის ზომებად რომ შემეკერა და საბოლოო სახე მიმეცა. ჩემთან „საპოჟნიკი“
მუშაობს იქვე ჯიხურში არმენა, რომელიც უკვე დღეს ჩემთან მუშაობს კომპანიაში, ჩავუტანე და ვთხოვე ასე და ასე შეეკერა. ნუ შეკერა,
თუმცა გამოვიდა საშინელება (იცინის).
მერე ისე მოხდა
რომ „მძევლების“ გადაღების დროს ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და სახლიდან გასვლის სურვილიც
არ მქონდა. ხო და უსაქმოდ ყოფნასაც ვერ ვიტან,
ყველაზე რთული მდგომარეობა არის ჩემთვის ჰორიზონტალური მდგომარეობა, მაშინ უნდა
მეძინოს, თუ მღვიძავს რაღაც უნდა ვაკეთო. გადავწყვიტე ჩემით შემეკერა ჩანთა. შევკერე
რაღაც ზურგჩანთა, რომელიც აბსოლუტურად ჩემით
გავაკეთე, რაღაც ხელსაწყოები გამოვიწერე და გამოვიდა.
შემდეგ ფინანსური პრობლემები იყო ოჯახში და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა
გამეკეთებინა, რომ მომეგვარებინა. ჩემმა მეგობარმა მითხრა შენ ხომ იცი ტყავზე მუშაობა და რომ გააკეთო
წელის ჩანთები კარგი იქნებაო. ადრე იყო კაფე-მაღაზია
ბარნოვზე, ეხლა დაიხურა. იქ რომ მოიტანო და გაგიყიდითო. თიკო კვინიკაძემ მირჩია
ეს. მაშინ დავიწყე წელის ჩანთის დიზაინზე ფიქრი
და გავაკეთე რამოდენიმე ჩანთა, მივიტანე მაღაზიაში და ძალიან აქტიურად გაიყიდა. შემდეგ
კიდევ რამდენიმე მაღაზია დაინტერესდა და მიიღო ბიზნესის სახე ამ ყველაფერმა. აი დღეს
უკვე არის კომპანია სახელწოდებით „Talatini“, რომელიც საკმაოდ აქტიურად აწარმოებს ტყავის
ჩანთებს და ქართულ ბაზარზეც საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ამ მიმართულებითაც მაქვს
რაღაც გარკვეული ამბიციები ასე ვთქვათ.
- ნაირა გელაშვილს აქვს ასეთი ფრაზა „უმჯობესია ასჯერ
ენდო და ასჯერვე მოტყუვდე, ვიდრე ვერასოდეს ვერ ენდო“ - შენ შემთხვევაში როგორ ხდება,
რამდენად ადვილად ენდობი ადამიანებს?
- ერთხელ თუ ვენდე და მოვტყუვდი, მეორედ აღარ ვენდობი
ხოლმე. არა რაღაც გააზრებულად, ავტომატურად
ვდისტანცირდები ხოლმე იმ ადამიანისგან.
- ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, როგორი ტიპისაც
არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა, მთავარი რა არის შენთვის?
- ნებისმიერი სახის ურთიერთობაში ჩემთვის მთავარი არის გულწრფელობა და გულახდილობა.
- როგორი ქალები მოგწონს, რა გხიბლავს და რა გაღიზიანებს
ქალში?
- რთულია ამაზე
საუბარი, მაგრამ რა მაღიზიანებს ამას გეტყვი - პირადად ჩემთვის, ყველაზე არაესთეტიურები
არიან გოგონები, რომელებიც უკრავენ ფანდურზე.
(იცინის)
ამაზე ჭკუა მეკეტება,
ძაან არ მომწონს. ნუ მომწონს რა სიტუაციაში,
ხევსურეთში თუ ვნახავ, ხევსურულ სამოსში ცოტა ასაკმიტანებულ მანდილოსანს, რომელიც
უკრავს ფანდურზე ეს ძალიან ესთეტიურია და ლამაზი, მაგრამ მეტროში რომ დგანან და ბოლოხმაზე გაჰყვირიან
ეს ძალიან არაესთეტიურია ჩემთვის და ვფიქრობ ვერსადროს მომეწონება ასეთი გოგო. (იცინის) სხვა არანაირი კრიტერიუმი
არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი დეტალი, რომლის გამოც შეიძლება დაგამახსოვრდეს
და ასე კონკრეტულად ვთქვა თუ როგორი გოგოები
მომწონს სისულელეა.
- ხარ თუ არა შეყვარებული?
- არა.
- ვინ არის შენი საყვარელი რეჟისორი და ვის ფილმში ითამაშებდი?
- არ მინდა ვინმე გამომრჩეს. საქართველოში ბოლო პერიოდში
კინო ძალიან ვითარდება და ძალიან ბევრი კარგი რაღაც გადაიღეს.
ძალიან მომწონს
ბოლო დროს გადაღებული ფილმის „მე ვარ ბესოს“ რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე. საავტორო ფილმია და რეჟისორის საოცარი ხელწერაც იგრძნობა, ვხვდებოდი რომ ზუსტად იცოდა რეჟისორმა თუ რა უნდოდა. მომწონს ლევან კოღუაშვილი, რაღაცნაირად მსუბუქი
და ოდნავ შავი იუმორის გრძნობა აქვს კინოში. ძალიან მომწონს ზაზა ურუშაძე, მქონდა პატივი
მემუშავა დიტო ცინცაძესთან, ჩემი აზრით, გენიალური რეჟისორია. გიგიშა აბაშიძე, სოსო ბლიაძე და რეზო გიგინეიშვილი. რეზო არის ის რეჟისორი რომელთანაც
ყველაზე მეტად ამოვწურე ჩემი თავი, მომწონს რეზოსთან მუშაობა.
ზოგადად, არიან რეჟისორები, რომლებიც მსახიობისგან ითხოვენ განსხვავებული პერსონაჟის შექნას და აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით მსახიობთან და არიან რეჟისორები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტიპაჟებით აწყობენ თავიანთ კინოს. ჩემთვის ასეთი კინო საყურებლად კარგია და მომწონს, თუმცა უფრო მეტად მომწონს ისეთ რეჟისორებთან მუშაობა, რომლებიც ტიპაჟებით არ აწყობენ კინოს და მსახიობთან მუშაობენ და მსახიობს ეხმარებიან იმაში,რომ თავიანთ პერსონაჟთან მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ. ძალიან მომწონს პოლ ტომას ანდერსონი, რომლემაც გადაიღო ფილმი „there will be blood“ და „the master” , როცა ვუყურებ, ვხვდები რამდენად მუშაობს მსახიობებთან, რამდენად ახლო ურთიერთობას იჭერს მათთან და რამდენად წურავს. ესეთი სახის კინო, როგორც მსახიობს ძალიან მომწონს სათამაშოდ. ქართულ ფილმებს შორის ჩემთვსი ყველაზე საყვარელი ფილმი არის “ცისფერი მთები“, ეს ფილმი გარკვეულწილად ტიპაჟებზეა აწყობილი. აი „მონანიება“ არის ფილმი, სადაც თენგიზ აბულაძემ ძალიან ბევრი იმუშავა მსახიობთან, თავი არ დაზოგა და შექმნა როლი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია და ვფიქრობ ქართულ კინო-ისტორიაში ყველაზე გამორჩეული როლიცაა. საუბარი მაქვს ვარლამ არაბიძის პერსონაჟზე.
- შენ ითამაშე ფილმში „მძევლები“, მომიყევი ამის შესახებ,
როგორ მოხვდი ამ ფილმში, რა მოლოდინები გქონდა და სინამდვილეში რა მიიღე?
- მძევლებში ერთი წლით ადრე ვიყავი ქასთინგზე, შემდეგ მეგონა, რომ უკვე აღარ იღებდნენ და ამასობაში
თავიდან დამიბარეს, გავიარე ქასთინგი და დამამტკიცეს როლზე. ეს იყო ჩემთვის პირველი მხატვრული კინო. ფილმზე
აღმოვჩნდი არაჩვეულებრივ სამსახიობო დასთან ერთად, ჩემი თანატოლებით დაწყებული უფროსი
თაობით დამთავრებული, ყველა ისეთი მსახიობი იყო ამ ფილში, ვის მაგალითზეც გავიზარდე
და ბავშვობაში მათით აღფრთოვანებული ვიყავი.
გადაღებაზე იყო
ასეთი მომენტი, სანდრო ციციშვილი იყო ჩემი გმირი, მამაჩემის როლზე დაამტკიცეს თავიდან
დაამტკიცეს სხვა, თუმცა შემდეგ შეცვალეს და გავიგე რომ მამაჩემს ითამაშებდა ჩემთვის
საყვარელი მსახიობი „მონანიებიდან’ ავთო მახარაძე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა
ეს რომ მითხრეს.
ჩემი პერსონაჟი
უკეთ რომ გამეცნო ავდექი და მოვინახულე და გავიცანი სოსო წერეთლის დედა,
მაშინ ცოცხალი იყო. გავიცანი დეიდამისი. მისი ბავშვობის მეგობარი გია ბუღაძე, მამიდაშვილები.
ძალიან დავუახლოვდი სოსო წერეთლის ოჯახს და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ისინი ჩემში ხედავდნენ
არა გიორგი გრძელიძეს, არამედ სოსოს და ეს ბოლოს ისე მიჭერდა ყელში, რომ მინდოდა თავი
დამეღწია და გავრიდებოდი, ჩემს თავს მინდოდა დავბრუნებოდი, ეს ემოციურად რთული იყო
მოკლედ ამის თქმა მინდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია გავიგე და ყველაზე მეტი სიახლოვე
ჩემს პერსონაჟთან სადაც ვიგრძენი იყო ალბათ ეს ფილმი. ამ ფილმში პროცესისგან მივიღე
ძალიან დიდი სიამოვნება, დიდი გამოცდილება, ვისწავლე რას ნიშნავს კარგ რეჟისორთან მუშაობა,
რას ნიშნავს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ერთი მიმართულებით
რომ იწყებენ სიარულს. პროცესმა ისე გამზარდა, რომ კმაყოფილების დონე იმაზე მეტი იყო
ვიდრე დასაწყისში მოველოდი.
- კარიერისთვის თუ წასულხარ კომპრომისზე, საყვარელი
ადამიანის გაწირვა თუ შეგიძლია კარიერისთვის?
- ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, მაგრამ ჩემმა ოჯახის
წევრებმა და მეგობრებმა იციან, რომ როდესაც ფილმზე ვიწყებ მუშაობას ვხვდები ნაკლებად
კომუნიკაბელური და ნაკლები შეხება მაქვს მეგობრებთან
და სრულ კონცენტრირებას ვაკეთებ როლზე და საქმეზე. ამ თვალსაზრისით რაღაცების დათმობა
ყველაფრისთვის გვიწევს ადამიანებს, უმსხვერპლოდ არაფრის მიღება არ ხდება, ყველაფრისთვის
გიწევს საზღაურის გადახდა, ბევრი რამისთვის მომიწია ასე, მაგრამ ყველაფერი იმად მიღირდა რა საზღაურიც გადავიხადე. აი მაგალითად მამაჩემის პანაშვიდებზე რომ არ ვიყავი
გადაღების გამო განსხავებული აზრები გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა დარწმუნებული ვარ მამაჩემი რომ შეძლებოდა თქმა აუცილებლად მეტყოდა
რომ სწორად ვიქცეოდი, იმიტომ რომ, ის ჩემს
ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი და ჩემი საქმის, აქედან გამომდინარე ვფიქრობ მას ასე ენდომებოდა.
კომენტარი