სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი - მეტი ურთიერთობა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა საბანკო მომსახურების ახალი მოდელის დანერგვის და ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. საქართველოს ბანკი მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება.

ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს ბანკში მისვლისას მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას აღარ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია.

საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა, მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეცვალა გარემოც. დღეს, ი.ჭავჭავაძის N7-ში ახალი მოდელის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით კი ბანკში ყოფნა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი – მომხმარებლებთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტზე.

ახალ სერვისცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეეძლება. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება.

„საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს ბანკმა დანერგა საერთაშორისო დონის მომსახურების მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ახალი ტიპის სერვისცენტრები გაიხსნა. ახლა ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. აღნიშნული სიახლის გასახორციელებლად, საქართველოს ბანკმა მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია, მეტიც - მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც მას ჭირდება“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100