სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კიდევ კარგი, რომ მანამდე ჩაწყდა, ვიდრე შიგნით შევიდოდა" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრებელში ლიფტი ჩაწყდა

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შენობაში ერთ-ერთი მცხოვრები მაღალი სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ლიფტით აპირებდა.

"გამოუძახებია მეზობელს, ქვევით მიდიდოდა და ამ დროს ჩამწყდარა. კიდევ კარგი, რომ მანამდე ჩაწყდა, ვიდრე შიგნით შევიდოდა. საშინელი ხმაური იყო, გვეგონა რაღაც გასკდა შენობაში.

გამოვედით და ეს მდგომარეობა დაგვხვდა. მეც ხშირად ვსარგებლობ ამ ლიფტით და გამიმართლა, რომ სამსახურში ვიყავი იმ დროს. სულ პრობლემა იყო, სულ ფუჭდებოდა, მერიამაც იცოდა ეს და როცა მოდიოდნენ თანამშრომლები, ლიფტით არასდროს სარგებლობდნენ. როდის მოგვაქცევენ ყურადღებას,როცა ტრაგედია მოხდება?",-ამბობს სოციალური საცხოვრისის მცხოვრები დარეჯან სანიკიძე.

მისი თქმით, მეზობლებმა ლიფტში ელექტროენერგია უკვე გათიშეს. ადგილზე დასახმარებლად ჯერჯერობით არავინ მისულა.

საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.

ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისი 2017 წელს გაიხსნა. შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. კოლოსალური თანხის დახარჯვის მიუხედავად, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

წყარო: kutaisipost.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100