სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი დღეების თვლას 5 აპრილიდანაც გააგრძელებს

ბიძინა ივანიშვილს 5 აპრილს საქართველოს ხელისუფლებისგან მოქალაქეობას არ მიანიჭებენ. ამის მიზეზი არასწორი მიმართვის ფორმაა. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ 5 აპრილი ბოლო ვადა არ არის.

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მას უკვე გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობა და განცხადება შეტანილი აქვს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს აქვთ სამთვიანი ვადა პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად. ამ ვადის ათვლა კი მოქალაქეობის მსურველი პირის განცხადების მიღების დღიდან ითვლება.

სამოქალაქო რეეტრის განცხადების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას:

პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

"საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში",-ნათქვამია სამოქალაქო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკვე ათი დღეა ანონსდება, რომ მოქალაქეობა ივანიშვილს 5 აპრილს აღუდგება.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა:"აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!"

ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100