მერაბიშვილი: ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგან
ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც ვლადიმერ პუტინი ვერ გაბედავს იოცნებოს და საქართველო ევროპას დააშოროს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის ძველი შენობის წინ მიმიდინარე აქციაზე განაცხადა.
ვანო მერაბიშვილი: "დღევანდელი დღე, 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. აქ მობრძანებით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ამ დღის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები და ვერც პუტინი ვერ გაბედავს იოცნებოს, რომ საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას. ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ვეღარ გაიფიქრებს სიზმარში - ხომ არ დავბრუნდეთ უკან. დღეს გავიმარჯვეთ და დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი ვინც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას. დღევანდელ დღეს დაესვა წერტილი ნებისმიერ საფრთხეს. მე ვარ ბედნიერი კაცი, რადგან 90-იან წლებში, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 200 და 1000 ადამიანი, დღეს კი, როდესაც საფრთხის წინაშე დადგა საქართველოს ორიენტაცია, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
მივმართავ ივანიშვილს, თავი დაანებოს ნგრევას. ეს ხალხი არ მისცემს მას ამის საშუალებას, მან თავისი ფული მოახმაროს ამ ხალხის კეთილდღეობას. თუ მას საქართველოს ისტორიაში დარჩენა სურს უნდა შეეშვას ტყუილს, შანტაჟს"
კომენტარი