ფედერალურმა სასამართლომ მომღერალ R.Kelly-ს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
აშშ-ში, ფედერალურმა სასამართლომ მომღერალ R.Kelly-ს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2021 წლის სექტემბერში, სასამართლომ მომღერალი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. ნიუ-იორკის სასამართლომ პოპულარული მომღერალი, პროდიუსერი და მუსიკოსი ქალებსა და ბავშვებზე განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო. პროკურორებმა მომღერალი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან თავისი პოპულარობა და ქონება მსხვერპლთა მოტყუების მიზნით გამოიყენა და მათ მუსიკალური კარიერის აწყობას ჰპირდებოდა. ზოგიერთი მსხვერპლის განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ არასრულწლოვნები იყვნენ, როდესაც მომღერალმა ისინი აცდუნა. R.Kelly 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია რითმ-ენდ-ბლუზის ჟანრში. მას გრემის სამი ჯილდო აქვს აღებული.
კომენტარი