სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანუატუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა

როგორც მსო-ის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, გენერალურმა საბჭომ ვანუატუს წევრობის საკითხი საბოლოოდ დადებითად გადაწყვიტა.

ვანუატუმ შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც 30 დღის განმავლობაში ის ორგანიზაციის 154-ე წევრი ქვეყანა გახდება.

"ვანუატუს სახით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ოჯახში შედარებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყანას იღებს. მისი წევრობა ვაჭრობის მრავალმხრივ სისტემას გააძლიერებს და ამ ქვეყანას მდგრად და პროგნიზირებად სავაჭრო გარემოცვაში მოაქცევს", - განაცხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა პასკალ ლავიმ.

ვანუატუს ვაჭრობის მინისტრმა ჰემ ლინი ვანუაროროამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ "ეს ვანუატუსთვის [რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1995 წლიდან ცდილობდა] ისტორიული მომენტია".

ცნობისთვის, ვანუატუ წყნაროკეანური სახელმწიფოა, რომელიც ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზეა განფენილი. იგი თავდაპირველად პოლინეზიელებით იყო დასახლებული. ესპანურმა ექსპედიციამ ვანუატუ 1605 წელს აღმოაჩინა. 1880-იან წლებში ვანუატუს ტერიტორიებზე პრეტენზიას საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო გამოთქვამდნენ. 1906 წელს მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ახალი ჰებრიდის კუნძულები მათ ერთობლივ მმართველობაში, ბრიტანულ-ფრანგულ კონდომინიუმში გადავიდა, დამოუკიდებლობა კი ქვეყანამ 1980 წელს მოიპოვა.

საქართველოს ყურადღება ვანუატუმ მიმდინარე წლის ზაფხულში მიიქცია, როდესაც კუნძულოვანმა სახელმწიფომ ჯერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ განაცხადა, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება უარყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100