იცნობდე გმირებს! - ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მონაწილე ზურაბ ზურაბიშვილი
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, 36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი. ის ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზურაბ ზურაბიშვილი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მისი დაწყების დღიდან, 28 აგვისტოდან ჩაერთო. ვინც კარგად იცის, რას ნიშნავს კარგად გაწვრთნილი, კბილებამდე და უახლესი იარაღით შეიარაღებულ ოც ბოევიკთან ბრძოლა ისეთ რთულ რელიეფზე, როგორიცაა ლოპოტას ხეობა, არ გაუჭირდება წარმოიდგინოს, რამდენი სირთულე ახლდა თან სპეცოპერაციას.
ზურაბიშვილი და მისი თანამებრძოლები ფეხდაფეხ მისდევდნენ „ბოევიკებს“, თუმცა, ხევსგაღმა მათ უფრო მომგებიანი პოზიცია ეკავათ და საკმაოდ დიდ სივრცეს აკონტროლებდნენ. ალტერნატიული გზების განხილვისას არჩევანი ხეობაში გადასვლაზე და „ბოევიკთა“ კონცენტრაციის ადგილთან მაქსიმალურად მიახლოებაზე გაკეთდა.
იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ბიჭები გაეგზავნა და თვითონ დამკვირვებლის როლში დარჩენილიყო, ზურაბ ზურაბიშვილმა ამ კონკრეტული გეგმის ხორცშესხმაში უშუალო მონაწილეობა გადაწყვიტა და ხევში დაეშვა. მას თან რამდენიმე თანამებრძოლი ახლდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, „ბოევიკებმა“ ჯგუფი შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს. ხეობის თავზე დარჩენილმა სპეცრაზმელებმა საპასუხო ცეცხლით სცადეს ხეობაში ჩასულთა მხარდაჭერა, მაგრამ „ბოევიკთა“ უპირატესობამ თავი მაინც იჩინა: სპეცრაზმელთა ცეცხლი მათ ვერაფერს აკლებდა, სამაგიეროდ, ხევში ჩასული ჯგუფი აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და „ბოევიკების“ ტყვიას ორი სპეცრაზმელი ემსხვერპლა კიდეც. ნაღმზე აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა თვითონ ზურაბიშვილი, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრილი ჩოხელის მიშველებას ცდილობდა. ზურაბიშვილმა შედარებით უსაფრთხო სამალავი მოძებნა, თუმცა, ვერც წინ მიდიოდა, ვერც უკან.
თანამებრძოლების გადასარჩენად და ცხედრების ამოსაყვანად ხევში სხვა ჯგუფი ჩავიდა, თუმცა „ბოევიკებმა“ მათაც ცეცხლი გაუხსნეს. მწყობრიდან გამოსული, მძიმედ დაჭრილი ზურაბიშვილი იწვა და სისხლდენას ვერ იჩერებდა. წუთები წყვეტდა ყველაფერს და ყველაფერი გაკეთდა, რომ ის გადაერჩინათ. რაც ყველაზე საინტერესოა, სპეცრაზმის წევრებთან ერთად ხევში ჩასვლისა და და დაჭრილისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის სურვილი თავად გამოთქვა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმმა, რომელიც შსს-ს სპეცრაზმსაც ემსახურებოდა. ვლადიმერ ხვედელიძე აღმოჩნდა ექიმი, რომელიც პაციენტის ნაცვლად მოკვდა: „ბოევიკების“ ტყვია მას ზურაბიშვილთან მისვლამდე მოხვდა და ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, არადა, სხვის საშველად მიიჩქაროდა...
საბოლოოდ, სპეცრაზმელებმა დაღუპული ქართველის ცხედარი და დაჭრილი ზურაბიშვილი, რომელიც დიდძალი სისხლის დაკარგვის გამო სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, უსაფრთხო ადგილას მოათავსეს. ეს „ბოევიკების“ მხრიდან ინტენსიური ცეცხლის პირობებში ხდებოდა. სწორედ ამ დროს დაიჭრა კიდევ ორი სპეცრაზმელი, რომლებსაც ზურაბიშვილი ხევიდან ფეხით ამოჰყავდათ. დაჭრილი, ნახევრად გონდაკარგული სპეცრაზმელი თითქმის სამი საათის განმავლობაში ჯერ ხელით, შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით ატარეს და მერე კი ვერტმფრენით გადაიყვანეს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში.
არავის ეგონა, რომ ზურაბ ზურაბიშვილის ორგანიზმი სასიცოცხლო ძალებს აღიდგენდა, მაგრამ საბედნიეროდ, იგი გადარჩა. ზურაბ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და პირადად ესაუბრა. „ასეთი ადამიანების სიმამაცეზე და გმირობაზე დგას საქართველო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
36 წლის სპეცრაზმელი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა და მას ორჯერ აქვს მიღებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, მედალი "მხედრული მამაცობისათვის“. ზურაბიშვილს თანამებრძოლები ბრძოლის ველზე არასდროს მიუტოვებია და მათ მისი სიცოცხლის გადასარჩენად თავი არ დაიზოგეს...
კომენტარი