სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართული დებატების მოკლე მიმოხილვა

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის დასრულების შემდეგ გამართული დებატების დროს განსაკუთრებული ყურადღება გია ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლამ და ამ გამოსვლებზე მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ გამოიწვია.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან დებატების განმავლობაში სწორედ ეს ეპიზოდები იყო ერთდროულად ხმაურიანიც და მწვავეც.

სანამ ტრიბუნაზე ჯონდი ბაღათურია ავიდოდა, გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამდიდრებული მინისტრების სახლების ფოტოები წარმოადგინა და ამით, როგორც განაცხადა, პრეზიდენტის რეალობაში დაბრუნება სცადა. ცაგარეიშვილმა ფოტოები პრეზიდენტს გადასცა. ფოტოებთან დაკავშირებით მოგვიანებით თავის გამოსვლაში გოკა გაბაშვილმა ისაუბრა. მან გია ცაგარეიშვილი ტყუილში ამხილა და ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ წარმოდგენილი სახლების ფოტოები, სინამდვილეში არ ეკუთვნით მის მიერვე სახლების მფლობელებად დასახელებულ პირებს.

რაც შეეხება ჯონდი ბაღათურიას, მან პრეზიდენტს მის მიერ 2004 წელს შედგენილ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ჩანაწერები წაუკითხა და ამით იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ 2004 წელსა და დღეს არსებულ სააკაშვილის ქონებას შორის სხვაობა დიდია. ბაღათურიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მამა ერთი ჩვეულებრივი, კვალიფიციური ექიმი იყო, დედა კი ასევე ჩვეულებრივი მეცნიერ-მუშაკი, რომ სააკაშვილის ძმებიც არ ფლობდნენ არანაირ ბიზნესს. "თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესს უმაღლესი განათლების სფეროში", - მიმართა ბაღათურიამ პრეზიდენტს. "მამაჩემი არა კურორტების მფლობელი, არამედ ერთი კურორტის დირექტორია", - შეუსწორა პრეზიდენტმა დეპუტატს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ სააკაშვილი ეკლესიასთან და „ყოველივე ქართულთან“ ბრძოლაშიც დაადანაშაულა. მან განმარტა, რომ ყველაფერ ქართულთან ბრძოლაში ოშკისა და იშხნის გადარჩენის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების ნებართვასაც გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტი ჯონდი ბაღათურიას გამოხტომებს არცთუ მშვიდად შეხვდა. მან ბაღათურიას კლოუნი უწოდა. პრეზიდენტმა ბაღათურიას ტალახში გორაობა შესთავაზა და მანდატურების მეშვეობით, ყვითელი ავტობუსით და „კიდევ ერთი ობიექტის“ (პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიამდე გამოსული გია ცაგარეიშვილი იგულისხმა) თანხლებით ტალახის აბაზანამდე მიყვანასაც დაპირდა. „ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა“, - უთხრა პრეზიდენტმა ბაღათურიას.

გია ცაგარეიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ოდნავ მოგვიანებით გააკეთა და თავის ერთ-ერთ რეპლიკაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ბიუჯეტის შევსებასთან ერთად გაუმჯობესდა, ისევე, როგორც უამრავი ქართველის ოჯახური მდგომარეობა. „თუმცა, ჯერაც ბევრია ოჯახები, რომლებზეც კონკრეტულად ვერ აისახა ეკონომიკისა და ბიუჯეტის ზრდა და ეს ოჯახები ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია“, - დაამატა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოპონენტებზე საუბრის დროს პრეზიდენტმა „გაიშნიკიც“ ახსენა: „მათთვის ქართული ტრადიცია იყო მექრთამეობა; ტრადიცია მათთვის იყო ჩაბნელებული საპასპორტო ოტახები ახლანდელი იუსტიციის სახლების ნაცვლად, მათი ტრადიცია იყო „პრავის“ აღება ჩაწყობითა და ფულით. მათთვის ქართული ტრადიცია იყო, რომ თუ ოდესმე მოხვდებოდი მთავრობაში, ყველა ოქროს საბადო შენი უნდა ყოფილიყო.“

საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამართული დისკუსიით კმაყოფილი დარჩა. მან დადებითად შეაფასა დებატები და აღნიშნა, რომ უმეტესწილად, საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურმა საკითხებმა წამოიწია წინ.

„მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენს შორის ვინ როგორ ხედავს პოლიტიკურ, მათ შორის ჩემს მომავალსაც. ჩვენ ყველანი დროებით ვართ და ერტადერთი, ვინც არასდროს არ ჩანაცვლდება და ყოველთვის გამარჯვებული უნდა დარჩეს, ქართველი ერია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დებატების შედეგების შეჯამების დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100