Check in Georgia-ს ფარგლებში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება
ბათუმის კოლონადებთან ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ კონცერტს გამართვს
Check in Georgia-ს ფარგლებში „ჰით ბათუმი 2016“ დაიწყო, რომელიც “ფოლკლორის დღეებით“ 6 ივნისს გაიხსნა. ბათუმის კოლონადებთან ზღვისპირა ქალაქელებისა და მათი სტუმრების წინაშე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" დაუვიწყარი კონცერტით წარსდგა. „ფოლკლორის დღეებზე“ კონცერტებს გამართავენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება. შაბათს, 11 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმის კოლონადებთან ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ კონცერტს გამართავს. 12 ივნისს კი, მსმენელის წინაშე წარსდგება ანსამბლი „მიჟენარი“ ლენტეხიდან. მნიშვნელოვანია, რომ ერთი კვირის განმავლობაში „ფოლკლორის დღეების’ ფარგლებში ზღვისპირა ქალაქში კონცერტები გამართეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ქობულეთი“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურია“.
„ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი".„ უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.
“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016“ როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მნიშვნელოვანი საღამო გველის, სახელმწიფო ანსამბლი „დიდგორი“ გრანდიოზულ კონცერტს გამართავს,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
"ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. გასულ წელს ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებს“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.
კომენტარი