პრემიერი: ის, რაც გააკეთა ალასანიამ, ჩემთვის პირადად არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი
ის, რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად მიიჩნევს.
„მათი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო,
არაადეკვატური, აბსურდული განცხადებები და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილის სიცრუე იყო და არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე საჯარო განმარტების გაკეთება მომიწია იმისთვის, რომ ბოლომდე გაგვექარწყლებინა შესაძლო ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა. თუნდაც ის, რომ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგილეების გაყოლების მცდელობა, ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენი გუნდის წინაშე. ეს ადამიანები 3 წლის განმავლობაში ყოველდღე ჩვენთან ერთად იყვნენ. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ და უარი უთხრან იმ გამარჯვებას, რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობებზე რჩებიან, ვინაიდან მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი
პოზიცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე კვირას საქართველოს ორი საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს და სამარცხვინო იქნებოდა, თუ მათ საგარეო უწყებაში არავინ დახვდებოდა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესგარემო ისევ შეშფოთდა, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების
არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, თანამებროძოლები
და მათ გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ. სამწუხაროდ, ისინიც არიან მოტყუებულები და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ დიდ შეცდომას სჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ დაშვებულ შეცდომასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ძლიერი ხელისუფლება და ეს მის დემოკრატიულობაში გამოიხატება.
პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ ეფექტურად, გამართულად და არავითარი წინააღმდეგობა არ შეიქმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში.
„არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება და საფრთხე, ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტიანად მუშაობას. რაც უფრო მალე მოხდებოდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, მით უკეთესია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. ჩემთვის რაც საწყენია ის არის, რომ არ უფრთხილდებიან სახელმწიფოს, არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ხალხი, რომელმაც ძალიან ბევრ უბედურებას გაუძლო. რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვიწევს კიდევ ორი კვირა ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ეს აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ამას შევძლებთ. ჩვენ ვართ მობილიზებული, ერთ მუშტად შეკრული და უნდა გავაგრძელოთ წინსვლა აბსოლუტურად უემოციოდ, მშვიდად. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დამშვიდდნენ, არაფერი ხდება. ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა „ნაციონალებს“, იყო ირაკლი ალასანია - დაწყებული გიგი უგულავათი და ბოკერიათი. ჩემში ყველა კითხვა ამოხსნილია. იგივე მისი განცხადება ორი დღის წინ, რომ აპირებს, ითანამშრომლოს ყველა პროევროპულ ძალასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება. მოსახლეობა ძალიან ბევრ სიურპრიზს გაიგებს. ეს იქნება კიდევ ერთხელ შემარცხვენელი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე ბევრ სიურპრიზს შეიტყობენ მის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტიანად განაგრძონ მუშაობა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უახლოეს დღეებში დანიშნავს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაგრძელდება უფრო უკეთ, ვიდრე აქამდე იყო.
კომენტარი