"ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც ურტყამდა და დედის ცემას აყურებინებდა" - რას ჰყვება თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის დეიდა
თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე მამკაცმა ყოფილი მეუღლე, 39 წლის ქალი დაჭრა. ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო, რადგან შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილი სკოლაში მიჰყავდა. დაზარალებული ქალის დეიდა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მამაკაცი ყოფილ მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. მისი თქმით, აღნიშნული მამაკაცი მეუღლეზე ძალადობისთვის გასამართლებული იყო და თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. "ყოფილი ცოლი ფულს არ აძლევდა და ამის გამო სცემდა, ბავშვსაც სცემდა მაგასთან ერთად და აყურებინებდა ბავშვს დედის ცემას. სახლში მოგვივარდა, კიდევ კარგი, მე სახლში ვიყავი. დაარტყა თუმცა, მივუსწარი და გავაგდე. მაშინვე დავრეკე, პოლიცია მოვიდა და დაიჭირეს. ახლაც იგივე განმეორდა, ამჟამად უბრალოდ დანა ჰქონდა ხელში. ესენი მიდიოდნენ სკოლაში და გაჩერებასთან დარტყა დანაო. მე რაღაც კივილი რომ შემომესმა, იმ წამსვე გავვარდი და რას ვხედავ, სულ სისხლში იყო მოსვრილი. ჯერ როგორ გამოუშვეს ციხიდან, გადაიხადა 3000 ლარი და გამოუშვა მოსამართლემ. გამიგონია ასეთი რაღაც? ახლა რას იზამს? გოგოს ლავიწის ძვალთან აქვს დარტყმული, დრენაჟი აქვსო, კიდევ უკან აქვს ზურგში ჩარტყმული". - აცხადებს დაჭრილი ქალის დეიდა. აღნიშნულ დანაშაულში მხილებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარი