სახელფასო პოლიტიკის ხარვეზები და პრობლემები საქართველოში
აქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო და საჯარო სექტორში მუშაობს. მათი ანაზღაურება ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ საშუალო ხელფასს რამდენჯერმე აღემატება. მაგალითად, თუ პედაგოგის საშუალო ხელფასი დაახლოებით 400-500 ლარია, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ყოველთვიური სარგო 4-დან 5 ათას ლარამდეა.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ამაზე პრეტენზია ნამდვილად აქვს) საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულთა 1/5-ს არ უნდა აღემატებოდეს. მათი ანაზღაურება კი კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასზე მეტი არ უნდა იყოს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1 724 000 ადამიანი. აქედან, თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662,2 ათასი ადამიანი. დაქირავებით დასაქმებულებიდან სახელმწიფო საბიუჯეტო და საჯარო სტრუქტურაში 300 ათასი ადამიანი მუშაობს, ან დაახლოებით 45%.
რაც შეეხება ანაზღაურებას. სახელმწიფო მმართველობაში ხელფასი, საშუალოდ, 1 188,5 ლარს შეადგენს, რაც ოდნავ დაბალია საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებებში, იქ, სადაც ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება, დასაქმებულთა წილიც მაღალია და ხელფასებიც.
საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასის შესახებ ინფორმაციის მიღება მარტივად, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდიდან შეიძლება. იქ ყოველდღიურად თავსდება ინფორმაცია საჯარო სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით. "ბიზნეს-რეზონანსმა" გადაწყვიტა რამდენიმე მათგანი შემოგთავაზოთ:
ვაკანსია #1 - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ხელფასი 4-5 ათასი ლარი;
ვაკანსია #2 - სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ხელფასი 2 500 ლარი;
ვაკანსია #3 - მთავარი პროკურატურა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ხელფასი 2 930 ლარი;
ვაკანსია #4 - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი - ხელფასი 1 500 ლარი;
ვაკანსია #5 - არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მრჩეველი (იუსტიციის სამინისტრი) - ხელფასი - 990-1 540 ლარი;
ვაკანსია #6 - სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ხელფასი 1 850 ლარი.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ვაკანსიებისა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და სადაც ამა თუ იმ ვაკანსიაზე ხელფასის მოცულობის გრაფაში საკმაოდ მაღალი ციფრი ფიქსირდება. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველა მაღალი ანაზღაურება სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) დასაქმებულებს აქვთ.
"მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში მინისტრებს ხელფასი გაეზარდათ, თანამდებობრივი სარგოს მოცულობამ მოიმატა სსიპ-ებში დასაქმებულებისთვისაც. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, სსიპ-ები, რომლებიც ქვეყანაში ქაოსურად იქმნება, კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. მათი მეშვეობით ბიუჯეტის გარეთ დაახლოებით მილიარდი ლარი მოძრაობს. თავად სსიპ-ები კი როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დაწესებული მოსაკრებლიდან, საერთაშორისო გრანტებიდან და კრედიტებიდან ფინანსდებიან.
რაც შეეხება ხელფასს, სსიპ-ებს სახელფასო განაკვეთთან მიმართებაში კანონით რაიმე ზღვარი დაწესებული არ აქვთ. შესაბამისად, თუ იმ უწყებაში მომუშავეს დეპუტატზე მაღალი ანაზღაურება აქვს, ის ამით კანონს არ არღვევს. ეს ძალიან კარგად იციან იმ მინისტრებმა, რომლებთაც ესა თუ ის სსიპ ექვემდებარება და კარგადაც იყენებენ. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს
შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ებში ხელმძღვანელობის ხელფასი 6 ათას ლარსაც კი აღემატება", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, "ქამრების შემოჭერის" მიუხედავად, მაღალი თანამდებობის პირების ხელფასი არა მარტო პედაგოგის ხელფასს, არამედ მისსავე უწყებაში მომუშავე ქვედა რგოლის თანამშრომლების ხელფასსაც კი ბევრად აღემატება.
"საჯარო სექტორი მთლიანად უნდა გულისხმობდეს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. დღევანდელ სამთავრობო გუნდში საბიუჯეტო საკითხების მცოდნეები ნამდვილად არიან და მათ ეს კარგად უნდა იცოდნენ. თუ ხელფასებთან და ე.წ. ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ ჩამოყალიბდა, ყოველთვის ასეთი ქაოსური ვითარება იქნება. ეს კი სუბიექტურ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს და გაზრდის რისკს იმისას, რომ ამა თუ იმ უწყებაში ფინანსური საკითხები განსხვავებული იქნება. ასევე არის საშიშროება, რომ კონკურსები გამოცხადდეს ფორმალურად, არ გამოვრიცხავ პროტექციასაც და ა.შ." - აცხადებს ალაფიშვილი.
რაც შეეხება "საქართველოს რკინიგზას", "საქართველოს ფოსტას" და სხვა კომერციულ სტრუქტურებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, აქაც მენეჯმენტისა და რიგით დასაქმებულის ხელფასებს შორის სხვაობა საკმაოდ მაღალია. მაგალითად, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რკინიგზის ტოპმენეჯერების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 10-15 ათას ლარს უტოლდება, მაშინ როცა რიგითი რკინიგზელის ხელფასი ხშირ შემთხვევაში 500-600 ლარს არ აღემატება.
"საქართველოს რკინიგზა"
არის კომერციული სტრუქტურა და ხელფასის დადგენაში თავისუფალი. თუმცა, იმის გამო, რომ რკინიგზის
100% ეკუთვნის სახელმწიფოს, შესაბამისად, სახელმწიფო ამ უწყების მაკონტროლებელიცაა. მას შეუძლია, თუკი უწყებაში დასაქმებულების ხელფასებს შორის ასეთი დიდი უფსკრულია, მითითებები მისცეს და გააკონტროლოს სიტუაცია",
- დასძინა ალაფიშვილმა.
ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასები კერძო სექტორში დაქირავებულთა ხელფასებზე მაღალია. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის სიმპტომები არ შეინიშნება.
"საშუალო ხელფასი სახელმწიფო მართვის სექტორში გაცილებით დიდია, ვიდრე ისეთ სექტორში, სადაც, წესით, ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. ყველაზე დიდი ხელფასი არის ბანკებში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში. გამოდის, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ იქ, სადაც რეალურად არაფერი კეთდება. ბანკები მომსახურების სფეროს განეკუთვნებიან, სახელმწიფო სტრუქტურები კი ადმინისტრაციულ სექტორს.
არა მგონია, ასეთი უთანაბრობა კარგი შედეგის მომტანი იყოს. არ ვამბობ, რომ საჯარო სექტორში მომუშავეს უნდა შეუმცირდეს ხელფასი. უფრო კარგი იქნება, რომ სხვა სექტორებში დასაქმებულებს გაეზარდოთ ანაზღაურება და ეს კატასტროფული სხვაობაც შემცირდეს,"
- განუცხადა
"ბიზნეს-რეზონანსს"
ნოდარ კაპანაძემ.
სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის თქმით, ხელფასებს შორის ასეთი სხვაობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში წარმოების ერთიანი სატარიფო პოლიტიკა არ არსებობს.
"ხელფასების განსხვავება ხშირად დამოკიდებულია არა ერთიან სახელმწიფო პოლიტიკაზე, არამედ თვით უწყებების ხელმძღვანელთა სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე. მას ამის საშუალებას აძლევს ბიუჯეტი, საშტატო რიცხოვნობა ან ვაკანსიების რაოდენობა. ამ კომბინაციების ხარჯზე ხდება ხელფასების დანიშვნაც.
რაც შეეხება საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულების რაოდენობას, ის ჩვენთან ძალიან მაღალია. ჩვენთან დაქირავებით სულ 662
ათასი ადამიანია დასაქმებული. აქედან, სახელმწიფო სტრუქტურაში დაახლოებით 300
ათასი ადამიანი მუშაობს, რაც დიდი მაჩვენებელია. ასეთი წილობრივი გადანაწილება კი დამოკიდებულია ქვეყნის სტრუქტურაზე და იმაზე, თუ რამდენად არის იმ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა განვითარებული.
25 წლის წინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში იყო დასაქმებული და ხელფასს იღებდა 2,2
მლნ ადამიანი. ახლა ეს ციფრი არის 300
ათასი, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. რაც უფრო მცირეა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში საბიუჯეტო სექტორის წილი, მით უკეთესია.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ აღარ მოხდეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, პირიქით, დაიწყოს თანდათანობით შემცირება. აუცილებელია, რომ 2/5
დავიდეს
1/5-მდე. ამის პარალელურად კი უნდა გაიზარდოს კერძო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები დაკავებულნი არიან უკვე შექმნილი დოვლათის გადანაწილებაში. ის კი იქმნება კერძო სექტორში. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ კერძო სექტორში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, რათა დამატებითი დოვლათი შეიქმნას,"
- ამბობს არჩვაძე.
კომენტარი