სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა ოკუპანტებმა ონში დაკავებული სამი ახალგაზრდა ოჯახის წევრებს დააკავშირეს

ონის რაიონის სოფელ ღარში შაბათს დაკავებული პირები ამ დრომდე ოსურ–რუსული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. უცხოელი დამკვირვებლების მეშვეობით მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ქართული მხარე ისევ აგრძელებს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ათი დაკავებული პირიდან სამი რუსმა ოკუპანტებმა ტელეფონით თავიანთი ოჯახის წევრებს დააკავშირეს. როგორც „დრონი.ჯი“–ს ერთ–ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა აცნობა, სავარაუდოდ, დაკავებულების საუბარს უსმენდნენ, რადგან სამივემ აარიდა თავი იმ ადგილის დასახელებას, სადაც იმყოფებიან. დაკავებულებმა ოჯახის წევრებს სთხოვეს, სასწრაფოდ მიაწოდონ პირადობის დამადასტურებული დოკუმენტები. დანარჩენი დაკავებულები ოჯახებს არ შეხმიანებიან – სავარაუდოდ, მათი ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია. ხანმოკლე სატელეფონო საუბარში დაკავებულებმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და მალე გაათავისუფლებენ, თუმცა, გათავისუფლების დრო არ დაუკონკრეტებიათ. დაკავებულმა ახალგაზრდებმა ოჯახის წევრებს ის გზაც მიასწავლეს, რომლის მეშვეობითაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა მიაწოდონ.

შეგახსენებთ, რომ ონის რაიონის სოფელ ღარში რუსმა ოკუპანტებმა ათი ადგილობრივი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც სოფლის განაპირას, კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სალოცავში მეჯვარეობის დღესასწაულის აღსანიშნავად იყვნენ მისულნი.

ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი ამ დრომდე დაკავებული არიან. სავარაუდოდ, ოსური და რუსული მხარეები მათ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100