სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

„ლელოს“ ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა - კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება.

„ლელოს“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კოჟორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ნებაყოფლობით არ მიდის დებატებზე. მათ უნდათ ამომრჩევლის ხმები, მაგრამ არ უნდათ უპასუხონ კითხვებს.

„ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ შეეჯახა იმ უპასუხისმგებლობას, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატები უარს ამბობენ პოლიტიკურ დებატებზე. ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდი დებატების გარეშე. საქართველოში მმართველი გუნდი მხოლოდ ბილბორდების საშუალებით ამყარებს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მხოლოდ ამომრჩევლის ხმები სჭრიდებათ და მათ კითხვებს არ პასუხობენ. ეს სამარცხვინო რეალობა უნდა შეიცვალოს და ამას აუცილებლად შევცვლით. ამ ინიცირებით სახელისუფლებო კანდიდატი ვალდებული იქნება, დებატებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო თუ ის ორჯერ უარს იტყვის დებატებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნება არჩევნებიდან.“

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივის დაკანონება არის აუცილებელი.

„საკანონმდებლო ინიცირება გახდა საჭირო, რადგან მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, პრაქტიკულად, არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში,სადაც რეალურად უნდა ხდებოდეს დისკუსია იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს სხვადასხვა პარტიის შეხედულებები, მათ შორის მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მიიღო წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა - ეს ავტომატური პროცესია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგნების საკითხი. მათ კი სათქმელი არაფერი აქვთ და დებატებში არიან ძალიან სუსტები, ამიტომ არიდებენ თავს. შესაბამისად, დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფში ჩაშვებულია, სადაც არის ჩაწერილი ვალდებულებები. ცვლილება არის ორგანულ კანონში არჩევნების შესახებ, სადაც იგულისხმება, რომ მმართველი გუნდის სიითი შემადგენლობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ, გამოცხადნენ დებატებში, ორჯერ თავის არიდების შემთხვევაში კი მოიხსნებიან არჩევნებიდან,“- აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100