სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილს კახელ გლეხებთან ფულით „გამარიაჟება“ მოუნდა და სააკაშვილი მოელანდა (ვიდეო)

„ზეგ მოსულიყავი, უფრო მეტი საქმე დაგხვდებოდა“. - ამ სიტყვებით მიმართა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ კახეთში ჩასულ ქართველ მილიარდერს, რომელიც სტიქიით დაზარალებულ გლეხებთან ფულით „მარიაჟობდა“: „აბა, გაბედონ და არ გაგიკეთონ, 10 მილიონი ჩავრიცხე ბიუჯეტში“, - ასე ესაუბრებოდა ივანიშვილი გლეხებს. ეს ოლიგარქი, რომელიც თავს კანონმორჩილს უწოდებს ხოლმე, გლეხებს მის მიერ გადასახდელი ჯარიმის დაახლოებით 11%-ის გადახდას ამადლიდა მაშინ, როცა უკვე ცნობილია, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები სახელმწიფოს 150 მილიონი ლარი დაუჯდება.

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაჩიძის რეპლიკას წაუყრუა. მეტიც, გოგა ხაჩიძის სურვილი: „დამალაპარაკეთ „მზეთუნახავს“ - პროვოკაციად მონათლა და „ფეისბუქზე“ საკუთარ გვერდზე განათავსებინა მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეო, რომლის აღწერაშიც ჩააწერინა: „გოგა ხაჩიძის სურვილი, პროვოკაცია მოეწყო, ადგილობრივებმა თავშივე აღკვეთეს“. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ თუკი მსგავს შეხვედრებზე ვინმე ივანიშვილის მიმართ პროტესტს გამოთქვამს, ის, მაქსიმუმ, ნაციონალური მოძრაობის „ზონდერია“, მინიმუმ, აგიტაციისგან ტვინარეული მოქალაქე, რომელსაც ვერ გაურკვევია, რამდენად „ნათელი მომავალი“ მოდის საქართველოსთვის ივანიშვილის სახით, ხოლო თუკი ვინმე პროტესტს გამოთქვამს მთავრობის წევრების ან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ, ის აუცილებლად „ადგილობრივია“, რომელსაც „ყელში ამოუვიდა“ სააკაშვილის „რეჟიმი“.

არადა, ვიდეოში კარგად ჩანს, რით იყო გამოწვეული გოგა ხაჩიძის რეპლიკა: „გამატარეთ, მთავრობის წევრი ვარ!“ - დიდი დაკვირვება არაა საჭირო იმის დასადგენად, რომ ხაჩიძე ასე მიმართავს იმ ორ „ამბალს“(ხაჩიძის ტერმინია), რომლებიც, უბრალოდ, გზას უღობავენ მთავრობის წევრს ივანიშვილთან მისასვლელად. ერთ მათგანს „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა. ესეც, ადგილობრივები... სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირტველად „ადგილობრივად“ მონათლა ის მამაკაციც, რომელმაც ვაჩნაძიანთში ქალს სახეში ხელი გაარტყა, სანამ ის მამაკაცი პოლიციამ არ დააკავა და არ გაირკვა, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრი იყო...

გოგა ხაჩიძის ოცნება, გასაუბრებოდა ივანიშვილს, ოცნებად დარჩა, ხოლო ის გლეხები, ვინც მილიარდერს გაესაუბრნენ, იმედგაწბილებულები იყვნენ, რადგან ივანიშვილისგან ვერაფერი მოისმინეს იმის გარდა, რომ მან თურმე 10 მილიონი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა და რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ ყველას ეშველება. „ფეისბუქზე“ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებშიც კარგად იგრძნობა ის გულგრილი დამოკიდებულება, რითაც გლეხები ივანიშვილს დახვდნენ. გაუგებარია, რატომ აიტვირთა „ფეისბუქზე“ ფოტო, რომელიც მასალას მთავარ ფოტოდ ერთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ის გამოქვეყნდა, რაც მიანიშნებს, რომ მილიარდერის გარემოცვაში ყველაფერი წესრიგში ვერ არის და მის ციხეს შიგნიდანაც ემუქრება გატეხვა. ამ ფოტოზე ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულ გლეხს ხელს ართმევს და თვალებში უყურებს, გლეხი კი მას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და მოქუფრული სახით თავის გაჭირვებაზე ფიქრობს. სწორედ ეს ფოტო გამოდგება იმის კლასიკურ ნიმუშად, რომ ფულით ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი.

ის, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი და ისიც, რომ ქარის დათესვის შემთხვევაში ქარიშხალს მოიმკი, ივანიშვილმა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ მაშინ გამოსცადა, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედამ მას „რუსეთისგან მართული ძალა“ პირისპირ საუბრისას უწოდა. ივანიშვილს მისი რეპლიკისთვის პასუხის გაცემა არც უცდია, რადგან პასუხი, უბრალოდ, ვერ ექნებოდა. „ქართული ოცნება არაა რუსეთში შეძრომა, ახლა სტიქიამ გაგვანადგურა, 2008 წელს კი რუსეთმა და სულ რუსეთი გვანადგურებს. ამ ქუჩას ჩემი შვილის სახელი ჰქვია და რა ვიცი, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ იქნებ ჩემი შვილი საფლავიდანაც ამოაგდონ“, - ასე ჩამოაყალიბა სათქმელი დაღუპული გმირის დედამ.

სხვათა შორის, ეს ინციდენტი დეტალურად აღწერა და გამოაქვეყნა კიდეც „ინტერპრესნიუსმა“ სათაურით: „გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ბიძინა ივანიშვილს „რუსეთიდან მართული ძალა“ უწოდა“, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მასალა ძალიან გაზიარებადი და პოპულარული გახდა სოცქსელებში, „ფლაგმანმა“ სააგენტომ ნიუსი საიტიდან გააქრო... რას იზამ, ნათქვამია, რომ შეფის განაწყენებას უნდა მოერიდო... სამაგიეროდ, ქსელებიდან ვერ გააქრეს ვიდეო, სადაც ბიძინა ივანიშვილი გურამ პეტრიაშვილის მიმდევრად გვევლინება და თუკი გურამ პეტრიაშვილი მის შესაძლო მოლანდებაზე აფექტის მდგომარეობაში, მთავრობის სახლის ბუნკერიდან საუბრობდა იმ დროს, როცა ამ სახლს რუსეთის მიერ მართული ძალის ქართველი მხარდამჭერები „ჰაუბიცებს“ აყრიდნენ, მილიარდერს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილი ელანდება. დიახ, ელანდება, არაფერი შეგვშლია:

„მიბრძანდით და თელავში ჩვენი შენობა ნახეთ. წუხელ მისულან ჩვენს ოფისში, კიბეები დაუნგრევიათ და ეს დამახვედრეს საჩუქრად. იქ ეჭვი აქვთ, რომ საჭესთან თავად სააკაშვილი იყო. კამერებმა ამოიცნეს, რომ საჭესთან ვინც ზის, სააკაშვილს ჰგავს. შეიძლება სააკაშვილი არ იყო, მაგრამ მისი ლანდი რომ იყო, ეს ფაქტია“, - აი ასეთი მაგალითით დაახასიათა ხელისუფლების "ხელწერა" ბიძინა ივანიშვილმა. (ნიუს.ჯი. - ვიდეო).

ისიც საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრები უკვე იმ ჟურნალისტების მანქანების დაზიანებაზეც გადავიდნენ, რომლებიც ამ პოლიტიკური ძალის მიმაღთ ლოიალობით გამოირჩევიან. დაზარალებულთა შორის არიან „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი, ასევე გელა მთივლიშვილი. რა თქმა უნდა, „ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის მანქანის დაზიანების დეტალებზე "ქართულ ოცნებაში" ინფორმაცია არ აქვთ და მეტიც: უარყოფენ კიდეც... ვერაფერს იტყვი, ეტყობა ცხელი სეზონი თავისას შვრება და „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური აგონია მით უფრო მატულობს, რაც უფრო ახლოვდება შემოდგომა. პოლიტიკური აგონია კი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურ მოუსავლეთში საგზურის გამოწერისთვის კარგი წინაპირობა გახლავთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100