სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე გლამურული, ყველაზე მოძრავი შოუ „იმედზე“: „ცეკვავენ ვარსკვლავები“ - გადაცემა პირველი

14 მარტს დაიწყო და ყოველ ოთხშაბათს გავა „იმედის“ ეთერში რეალითი-შოუ, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რეიტინგული გახდება ქართულ ტელესივრცეში. აქედანვე გვინდა გაცნობოთ, რომ „დრონი.ჯი“ ყოველ ხუთშაბათს შემოგთავაზებთ ყოველი ახალი გადაცემის მიმოხილვას.

პროექტს „TBC-TV” და „იმედი“ წარმოგვიდგენენ. საერთო ჯამში, შოუ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ პრინციპი საკმაოდ მარტივია - ტელემაყურებელთა წინაშე წარსდგება 9 ვარსკვლავული წყვილი. თითო წყვილში ერთი პროფესიონალი მოცეკვავე და ერთიც ქართული თეატრის, კინოს, ესტრადისა თუ ტელევიზიის ვარსკვლავია. მათ მიერ შესრულებულ, მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა ცეკვას კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ყოველი გადაცემის ბოლოს კონკურსს თითო წყვილი დატოვებს - ბუნებრივია ის, რომელიც ჟიურისგან ყველაზე ნაკლებ ქულას, მაყურებლისგან კი ყველაზე ნაკლებ სმს-მხარდაჭერას მიიღებს. შოუს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მაყურებლის ჩართულობაა - ყოველი სმს განამტკიცებს თქვენი რჩეული წყვილის პოზიციებს, ამიტომაც წამყვანებმა მაყურებლებს თავიდანვე აქტიურობისკენ მოუწოდეს.

რეალითი შოუს რუსთაველის თეატრი მასპინძლობს. პირველი გადაცემა საჩვენებელი ხასიათის იყო, ამიტომაც შოუ არცერთ წყვილს არ დაუტოვებია. ვარსკვლავურ-მოცეკვავური წყვილების შემადგენლობა ასეთი იყო:

აჩიკო მეფარიძე და ჯულიანა ბარგნარი;

ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ფოლადაშვილი;

კახაბერი და თეა დარჩია;

კრისტი ყიფშიძე და ლევან ახვლედიანი;

სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე;

ქრისტინე იმედაძე და გიორგი ბარბაქაძე;

ლევან როსტოშვილი და სალომე ჭაჭუა;

თიკო სადუნიშვილი და გიგი გაჩეჩილაძე;

ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი.

ჟიურის შემადგენლობა:

ნინო სუხიშვილი;

ლევან უჩანეიშვილი;

ნინო ანანიაშვილი;

გოჩა ჩერტკოევი (აშშ-ში მოღვაწე ქართველი ქორეოგრაფი);

ნანუკა ჟორჟოლიანი.

აჩიკო მეფარიძე და ჯულიანა ბარგნარი -25 ქულა

მაყურებლებთან პირველად წარდგომის პატივი აჩი მეფარიძესა და ჯულიანა ბარგნარს ერგოთ წილად (1203) -აქ და სხვაგან, წყვილების დასახელების შემდეგ მითითებულია პირადი ნომერი, სადაც მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მობილური ტელეფონებიდან მომავალ ოთხშაბათამდეა შესაძლებელი, - ავტ.), რომლებმაც ლიბერ-ტანგო წარმოადგინეს. აჩიკო მეფარიძის მოქნილობა, ბუნებრივია, ბევრად ჩამოუვარდებოდა 20 წლის ჯულიანას როკვის ტემპს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში, ვარსკვლავმა კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას. განსაკუთრებული ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ოკორდეონის უბადლო აკორდები, რომლებიც სულიკო ბაღაშვილმა უზრუნველყო და რომელიც ტანგოს ხარისხიანად შესრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია.

აჩი მეფარიძემ ნინო სუხიშვილისგანაც დაიმსახურა კომპლიმენტი: სუხიშვილების ახალი თაობის ფუძემდებელმა აღნიშნა, რომ ნასიამოვნები და გაოცებულიც კი დარჩა იმ პროფესიონალიზმით, რომლითაც ის მიუდგა ამ ცეკვას.

აჩიკო ლევან უჩანეიშვილმაც შეაქო, აი, ნინო ანანიაშვილმა კი ოსტატურად აარიდა თავი მისი ცეკვის შეფასებას და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ უხარია, რადგან ორი თვის განმავლობაში ნახავს ესტრადის ვარსკვლავებს, რომლებიც „წვალობენ და სიამოვნების მონიჭებას ჩვენთვის ცეკვით ცდილობენ“. პრიმა-ბალერინამ, ძირითადად, პროექტის მოკლე დროში განხორციელებაზე ისაუბრა, აჩი მეფარიძე კი დაამშვიდა - კიდევ გნახავთ სხვა ცეკვაშიო და პარტნიორი შეუქო, რომელიც, მისივე თქმით, აჩის ძალიან ეხმარებოდა.

„ეტყობოდა, რომ სული და გული იდო ამაში და ეს მომეწონა“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პროფესიონალური შენიშვნები გოჩა ჩერტკოევმა გამოთქვა, რა თქმა უნდა, ეტიკეტის დაცვით - შექების შემდეგ. ქორეოგრაფმა აღნიშნა, ცოტა დავიბენიო და იქვე დაინტერესდა, ეს ტანგო არგენტინული იყო თუ საერთაშორისო, მერე კი წყვილს ისიც მიუთითა, ფეხები რომელ ნაბიჯზე უნდა გადაეჯვარედინებინათ. „თუ ამას არ გავითვალისწინებთ, დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო“, - ღიმილით დაამატა მან.

ეტყობა, კრიტიკას არმიჩვეულ აჩიკოს გულში ჩარჩა შენიშვნა და კონკურსანტთა ოთახში დაბრუნებისას, როცა წამყვანი მისი შთაბეჭდილებით დაინტერესდა, სიცილით თქვა: „თუ მხოლოდ მეხუთე თუ მეექვსე ნაბიჯზე ფეხის გადაჯვარედინება დამაკლდა, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა“.

აჩისა და ჯულიანის წყვილმა ჟიურისგან 25 ქულა მიიღო (მონაწილეები ათბალიანი სიტემით ფასდებიან). ყველაზე მაღალი, 6 ქულა მათ ლევან უჩანეიშვილმა, ხოლო ყველაზე ნაკლები - 4 ქულა გოჩა ჩერტოევმა დაუწერა.

აჩი მეფარიძემ ჟიურის სიმკაცრე დაუწუნა და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიწვევდა სასიმღერო კონკურსზე ჟიურის წევრებს და იგივე ქულებით დაასაჩუქრებდა, თუმცა, რა იცოდა აჩიმ ჟიურის წევრთა ვოკალური მონაცემების შესახებ, არ გაუმხელია.

ნუკი კოშკელიშვილი და ოთო ფოლადაშვილი -29 ქულა

მეორე მონაწილე წყვილი ნუკი და ოთო (1208) იყვნენ, რომლებმაც „აბბას“ ცნობილ ჰიტზე „სამბა“ შეასრულეს. ნუკი კოშკელიშვილს მოქნილობას ნამდვილად ვერავინ დაუწუნებდა, თუმცა სხვადასხვა ცეკვებში კავკასიის ათგზის ჩემპიონს, ოთო ფოლადაშვილს მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ქალი მისთვის სასურველ, „სამბას“ შესაფერის ტემპში აეყოლიებინა. საბოლოო ჯამში, წყვილი ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა: შეთანხმებული, სინქრონული მოძრაობები ბევრად მეტი იყო, ვიდრე პირველ კონკურსანტ წყვილთან.

ჟიურიდან გოჩა ჩერტკოევი ამჯერად იმან დააბნია, რომ წყვილი ცეკვის დაწყებამდე კლასიკურად მიჩნეული ცოლ-ქმრის როლში წარსდგა - მამაკაცი გაზეთით, ქალი მტვერსასრუტის იმიტაციით და ორივენი - საშინაო ხალათებში. ცეკვა მათ ამ თეატრალიზებული შესავლის შემდეგ დაიწყეს. ქორეოგრაფმა მაინც მოიწონა გამოსვლა და ახალგაზრდებს მოუწოდა, მუსიკისთვის მეტი ყურადღება მიექციათ.

ნინო ანანიაშვილმა ნუკის პლასტიკა შეუქო და აღნიშნა, რომ მათი ყურება სასიამოვნო იყო. იგივე განაცხადა მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანმაც. მეორე წყვილმა ჟიურისგან 29 ქულა მიიღო - ყველა ექვსიანი, გოჩა ჩერტკოევის 5 ქულის გარდა.

კახაბერი და თეა დარჩია - 27 ქულა

მესამე წყვილი - კახაბერი და სუხიშვილების ანსამბლის გამორჩეული მოცეკვავე, 27 წლის სტაჟის მქონე, ანსამბლში მესამე თაობის მოცეკვავე თეა დარჩია (1201) გახლდათ, რომელმაც უმა თურმანის როლი მოირგო. მათი შეფასებისას ლევან უჩანეიშვილი საკმაოდ ლოიალური იყო. მან განაცხადა, რომ მის თვალწინ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი განვითარდა და თეა დარჩიას ქუდის იატაკზე დავარდნაც სიმბოლურად მიიჩნია. ნინო სუხიშვილს მოეწონა ეტიუდი და კახაბერის გარჯა („თეასთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია“), ხოლო გოჩა ჩერტკოევს, რასაკვირველია, შენიშვნა ჰქონდა - მისთვის „ცოტა ბრტყელი იყო“, რაც შეფასებაშიც აისახა. მან, დანარჩენი ექვსიანებისგან განსხვავებით, წყვილი სამი ქულით შეაფასა. საბოლოოდ, კახაბერმა და თეამ 27 ქულა მიიღეს.

კრისტი ყიფშიძე და ლევან ახვლედიანი - 25 ქულა

კრისტი ყიფშიძემ და ლევან ახვლედიანმა (1205) „ჩა-ჩა-ჩა“ წარმოადგინეს. „პირველად ეს სიმღერა რომ გავიგონე საკონკურსოდ, სტრიპტიზი წარმოვიდგინე“, - თქვა კრისტიმ და ცნობილ „ცხრანახევარ კვირაზე“ მიანიშნა, მერე კი დაამატა, რომ წარმატების საიდუმლო აქვს, მაგრამ არ გაამხელს. რაც შეეხება ლევან ახვლედიანს, კასტინგზე ის მეუღლესთან ერთად მივიდა და შესანიშნავადაც იცეკვეს, მაგრამ მისი მეორე ნახევარი კონკურსს საპატიო მიზეზით გამოეთიშა - აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. „გამოდის, შერჩევაზე სამმა ვიცეკვეთ“, - იცინოდა ლევანი.

კრისტის წყალობით, ეს წყვილი ყველაზე ამოდ საცქერი აღმოჩნდა როგორც ვიზუალური, ასევე საშემსრულებლო კუთხით. ნანუკა ჟორჟოლიანმა კრისტის სრულიად დამსახურებული კომპლიმენტი უთხრა: „ისეთი რაღაც მოგქონდა, რომ ყველა მამაკაცი ფეხზე იდგა“. ამავე დროს ნანუკამ ხაზი გაუსვა ბენდის მხრიდან ოთო ნემსაძის მიერ მართლაც უნაკლოდ შესრულებული ჰიტის მნიშვნელობასაც.

პრიმა ბალერინამ მოდელებს გადაჰკრა შოლტი, ოღონდ, მათთან კრისტის სხვაობას გაუსვა ხაზი: „თქვენი პროფესიის ადამიანები, საერთოდ, ძალიან რთულად მოძრაობენ - დადგმული სიარულის მანერით, რაც მთელი ცხოვრება მაღიზიანებს და მიხარია, რომ ასე კარგად გამოხვედით“, - უთხრა მან კრისტი ყიფშიძეს, ლევანს კი მიმართა: „თუ მოგინდა ცეკვა, მომაკითხე“.

კაცმა რომ თქვას, ჟიური ამ ნომრის სიტყვიერად შეფასების დროს უფრო გულუხვი აღმოჩნდა, ვიდრე ქულების განსაზღვრისას. ნინო სუხიშვილმა და ნანუკა ჟორჟოლიანმა წყვილს 5-5 ქულა, ლევან უჩანეიშვილმა და ნინო ანანიაშვილმა 6-6, ხოლო გოჩა ჩერტკოევმა 3 ქულა დაუწერეს.

სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე - 27 ქულა

შემდეგი წყვილი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში გაზრდილი, გვინეა-ბისუადან საქართველოში მოხვედრილი სამორი ბალდე და პროფესიონალი ბალერინა ლიკა ლაბაძე (1206) იყვნენ, რომლებმაც „ქართული“ წარმოადგინეს. მაყურებლის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ნომერმა ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და, ცეკვის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, პირველად აზრი ნინო სუხიშვილს ჰკითხეს, რომელმაც „ქართულს“ ცეკვათა ცეკვა უწოდა და თქვა: „ამ ცეკვის შეფასებისას ძალიან მკაცრი ვარ, შინაგანად მინდა, რომ ყველამ უნაკლოდ შეასრულოს და სხვანაირად არ შემიძლია. ვნახე მონდომება, ნერვიულობა და პასუხისმგებლობა კონკურსანტის მხრიდან, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ ამ ცეკვის შეფასებისას ცოტა კრიტიკული ვიქნები“, - თქვა მან და სიტყვა შეასრულა კიდეც: კონკურსანტებს 4 ქულა დაუწერა.

გოჩა ჩერტკოევმა კომპლიმენტი სამორის უთხრა: „რომ არ მცოდნოდა, რომ მოცეკვავე არ ხართ, ვერ დავიჯერებდი, უბრალოდ, ერთი შენიშვნა მექნება - მხრებში უფრო გაიმართე და ისე მოეშვი“, - თქვა მან, ცეკვა კი მანამდე დაწერილ ქულებზე ყველაზე მაღალი, 7 ქულით შეაფასა.

ნინო სუხიშვილს მიბაძა ნანუკა ჟორჟოლიანმაც - მან 4 ქულა დაწერა. ანანიაშვილმა და უჩანეიშვილმა 6-6 ქულა გაიმეტეს და საბოლოოდ, წყვილმა 27 ქულა მიიღო.

ქრისტინე იმედაძე და გიორგი ბარბაქაძე -26 ქულა

ქრისტინე იმედაძე და გიორგი ბარბაქაძე (1202) ძველი პარტნიორები არიან - გიორგი ადრე ქრისტინეს ნომრებში ცეკვავდა. ადრე ქრისტინეც ცეკვავდა ბალეტს, მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ის თავს კონკურსის ფავორიტად არ მიიჩნევს. წყვილმა საპრეზენტაციო ცეკვა, ჰიპ-ჰოპი ემი ვაინჰაუზის ჰიტზე შეასრულა და, უნდა ითქვას, საკმაოდ შთამბეჭდავადაც, მაგრამ ჯიური საკმაოდ მკაცრი იყო: ორი ხუთიანი (ანანიაშვილი და ჟორჟოლიანი), ორი ექვსიანი (სუხიშვილი და უჩანეიშვილი) და გოჩა ჩერტკოევის 4, სულ 26 ქულა.

ლევან როსტოშვილ (როსტო) და სალომე ჭაჭუა - 29 ქულა

ლევან როსტოშვილმა, იგივე როსტომ და სალომე ჭაჭუამ (1204) ჟიურისა და მაყურებლების წინაშე ჯაივი წარმოადგინეს.

„მე არ ვიცი, როსტომ როგორ იცეკვა, მაგრამ მე როსტომ მაგარ ხასიათზე დამაყენა!..“, - ცეკვის დასრულებისთანავე წარმოთქვა ჟიურიდან ნანუკა ჟორჟოლიანმა.

„როგორ მოგმართოთ, როსტომი თუ ლევანი?“, - მორიდებით იკითხა გოჩა ჩეტკოევმა. მას ნანუკა მიეშველა: „უბრალოდ, როსტო“. „ლევან...“, - გააგრძელა გოჩამ და დარიგებაც მოაყოლა - „ხელებს უფრო მეტი პიროვნება მიეცი“, - იმედი ვიქონიოთ, რომ როსტო ჩასწვდა რჩევის არს...

რაც შეეხება შეფასებას, ჟიურიმ წყვილს 29 ქულა დაუწერა - ყველამ 6-6 ქულა, ნინო ანანიაშვილის გარდა, რომელმაც ნომერი 5 ქულით შეაფასა.

თიკო სადუნიშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე -26 ქულა

იოგის მოყვარული, „თბილისი Live”-ს წამყვანი თიკო სადუნიშვილი მაშინვე იოგის ვარჯიშებზე ჩაეწერა, როცა გაიგო, რომ კონკურსის მონაწილე გახდა. რამდენიმე ტრავმის მიღება უკვე მოასწრო - გიგის ხელიდან გაუვარდა კიდეც... ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გიორგი გაჩეჩილაძის შეყვარებული, თეა ჭაჭუა მისთვის კონკურენტია - ის კონკურსში როსტოს მეწყვილეა. თიკო სადუნიშვილმა და გიორგი გაჩეჩილაძემ (1207) ჰიპ-ჰოპ ჩა-ჩა-ჩა წარმოადგინეს და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრისგან კომპლიმენტებიც მიითვალეს. მათი მონაგარი 26 ქულა ამოჩნდა.

ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი - 35 ქულა

კონკურსის ბოლო მონაწილეები და ფავორიტებიც ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი (1209) აღმოჩნდნენ, რომლებმაც „ჩა-ჩა-ჩა“ იცეკვეს. ლელა წურწუმიას მიერ თითქმის უნაკლოდ შესრულებულმა ცეკვამ ჟიური იმდენად მოხიბლა, რომ ლევან უჩანეიშვილმა ლელას მეგრული ფრაზა „მა სი მიორქ“ (მე შენ მიყვარხარ) ესროლა, ამ უკანასკნელმა კი ჰაეროვანი კოცნით უპასუხა. საბოლოოდ, ჟიურიმ საერთო გადაწყვეტილება მიიღო და უკლებლივ ყველა წევრმა ეს ნომერი პირველი დღისთვის მაქსიმალური, 7 ქულით შეაფასა.

პირველი, საპრეზენტაციო ტურის ფავორიტები სწორედ ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი აღმოჩნდნენ, თუმცა, პირველი გადაცემის ქულები შემდეგ კონკურსზე, რომელიც უკვე ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება(თითო გადაცემაზე თითო წყვილი ტოვებს კონკურსს), არ აისახება.

ფოტო გადაცემიდან: კრისტი ყიფშიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100