შესაძლოა, თარიღმა უფრო ადრე გადმოიწიოს - როდის გაიხსნება სავაჭრო მოლები?
ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მორიგ ეტაპზე გახსნისთვის სავაჭრო მოლები ემზადებიან. მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენიმე რაუნდიანი შეხვედრების შემდეგ უკვე ცნობილია ნაწილი იმ რეგულაციებისა, რომელიც მოლებმა, მათმა მოიჯარე მაღაზიებმა და თავად მომხმარებლებმა სავალდებულოდ უნდა შეასრულონ.
ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით, სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზე, 8 ივნისიდანაა დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა, თარიღმა უფრო ადრე გადმოიწიოს. სავაჭრო ცენტრების გახსნის ვადები იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებენ მოლები მთავრობის დაწესებულ რეგულაციებს. კონკრეტული გაიდლაინები ჯერ საჯარო არ არის, თუმცა როგორც თავად ბიზნესი ამბობს, ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად მზად არიან, თუმცა გახსნის ზუსტი დროის შესახებ მთავრობისგან პასუხი ჯერ არ აქვთ.
“ჩვენთვის ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს გახსნა, თუმცაღა ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობაზე, რას გვეტყვის, როდის შევძლებთ ოპერირებას. ჩვენ ჩვენის მხრივ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ და ველოდებით როდის შეიძლება გახსნა, რომ მოხდეს“, – აცხადებს ლევან მესხელი, “სითი მოლის” დირექტორი.
გასული კვირის ბოლოს ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე მოლებისთვის ცნობილი გახდა იმ სავალდებულო რეკომენდაციების შესახებ, რომლის შესრულებაც კერძო სექტორს გახსნისთვის მოუწევს. აქამდე არსებული რეგულაციების გარდა, მოლების შემთხვევაში სხვა დამატებითი მოთხოვნები წესდება.
„ჩვენ ყველგან შევდივართ პირბადით, აუცილებელია დეზობარიერი, აუცილებელია დისტანციის დაცვა, აუცილებელია თერმოსკრინინგი და ამას ახლა ემატება მასშტაბთან მიმართებაში ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ვენტილაცია, დალაგების რეგულაცია, ტერიტორიიის მთლიანი დენზინფექცია. კვადრატულობიდან გამომდინარე ობიექტზე მომხმარებლის რაოდენობის განსაზღვრა და ა.შ“, – აცხადებს თეიკო ლომინაძე, “ისთ ფოინთის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ყველა საჭირო ხარჯს თავის თავზე მოლების ადმინისტრაციები აიღებენ, თუმცა გარკვეული რეგულაციების შესრულება სავაჭრო ცენტრების მოიჯარეებისთვისაც იქნება სავალდებულო.
„ხარჯების ის ნაწილი, რაც გათვალისწნებულია რეკომენდაციებში, მაგალითად დეზობარიერები, თერმული შემოწმება მომხმარებლის, ამ ყველაფერს ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე, უბრალოდ მაღაზიებს მოუწევთ მინიმალური ხარჯის გაღება, რაც არის აუცილებელი. ეს არის პირბადეები მათი თანამშრომლებისთვის, სალაროებთან დამცავი ბარიერის გაკეთება-გამჭვირვალე შუშის, ეს არის სრულად რაც მათგან მოითხოვება. დანარჩენი, რაც შეეხება შიდა ვენტილაციას, დეზინფექციას, მომხმარბლების გაკონტროლებას, ჩვენს თავზე ვიღებთ“, – აცხადებს ნიკოლოზ ცინცაძე, “გალერია თბილისის” ხელმძღვანელი.
რეგულაციები შეეხება მომხმარებლებსაც. ისინი მოლებში ვიზიტს მხოლოდ პირბადეების გამოყენებით შეძლებენ. პირბადის არმქონე მომხმარებლის დაშვების შემთხვევაში კი სათანადო აღჭურვა თავად მოლის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს.
სხვებისგან განსხვავებით სავარაუდო გახსნის თარიღი ლილო მოლის, როგორც ღია ტიპის ბაზრობისთვის უკვე ცნობილია. როგორც სავაჭრო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, მოლის დაახლოებით 40%, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზიების გარდა, საქმანობის განახლებას, სავარაუდოდ, 25 მაისიდან შეძლებს, თუმცა ბაზრობის ადმინისტრაცია მთავრობისგან ჯერ კიდევ ელოდება სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციების ნუსხას.
ამ ეტაპისთვის გაურკვეველია ელიავას ბაზრობის გახსნის ზუსტი დრო. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალების ბაზრობა თითქმის ღია ტიპის სივრცეა, სხვა სამშენებლო მოლების გახსნის მიუხედავად, მათ შემთხვევაში გახსნის ნებართვა მთავრობას ჯერ არ გაუცია.
“მე მიმაჩნია, რომ ეს არის ალოგიკური. გაიხსნა სამშენებლო ჰიპერმარკეტები, მოლები, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი ალბათობაა და რისკია და სამშენებლო ბაზრობა, როგორიც არის “ელიავას ბაზრობა”, ჯერჯერობით, არის დაკეტილი, სადაც ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსია, რადგან აქ არის მცირე და საშუალო მაღაზიების კრებული, რომელიც გამოდის ფაქტობრივად, შიდა ეზოებზე, შიდა ქუჩებზე და ალოგიკურად მიმაჩნია, თუ სამშენებლო სექტორი იხსნება, ხსნიან სამშენებლო მოლებს, რატომ არის სამშენებლო ბაზრობა დაკეტილი?!“ – აცხადებს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელი თეა ანდრიაძე.
როდის გაიხსნება ქალაქის ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო მასალების ბაზრობა, სავარაუდოდ, მალე უნდა გადაწყდეს, რადგან ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარეს.
BM.GE
კომენტარი