მოძრაობა „ლელო“-ს განცხადება რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ მორიგი აგრესიის აქტზე
როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება, დააფინანსოს აფხაზეთის ე.წ. არმიის მოდერნიზაცია.
რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. კრემლის ბოლო გადაწყვეტილება - გააძლიეროს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო პოტენციალი, კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთის ამოცანაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული სამხედრო ექსპლუატაცია, მათ შორის ადგილზე ფეთქებადსაშიში ტენდენციის შენარჩუნების და მილიტარისტული განწყობების გაძლიერების გზით.
აღნიშნული ქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულს კი სათანადო პასუხი არ გაეცა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს არაეფექტიან, შემგუებლურ და შედეგობრივად ხელშემწყობ პოლიტიკას, არ იყენებს დიპლომატიის არცერთ ბერკეტს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის შესახებ პოლიტიკურად არასათანადო დონის განცხადებები გააკეთა, რაც მიანიშნებს, რომ მას არ სურს და არ ძალუძს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რუსეთის აშკარად გამოხატულ აგრესიულ აქტებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
ამავე დროს, 2017 წლის აშშ-ს სანქციების აქტი, რომელიც სრული ორმხრივი პარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული აშშ-ს კონგრესში, იძლევა საშუალებას, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს მოხდა ყირიმთან მიმართებით.
ამასთან, ნათელია, რომ აქამდე არსებული არაღიარების პოლიტიკა ვერ პასუხობს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და ფაქტობრივ ანექსიას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
- მთავრობის ხელმძღვანელის დონეზე დაგმოს კრემლის ბოლო გადაწყვეტილება აფხაზეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსების თაობაზე;
- დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობების თაობაზე;
- გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესების პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;
- დაიწყოს მოლაპარაკებების აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსთვის სპეციალური მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტს:
- გამოიყენოს გაეროს მაღალი ტრიბუნა და ცალსახად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წარმოაჩინოს რუსეთის მტრული და აგრესიული, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით;
- თავი შეიკავოს რუსეთის დელეგაციასთან ნებისმიერი, არაფრისმომცემი დიალოგისა და ორმხრივი შეხვედრის ფორმატისგან გაეროს ასამბლეის ფარგლებში და მის შემდგომ.
კომენტარი