სალომე ზურაბიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ
გასაკვირი არ არის, რომ რუსული პიარი ღიად არის ჩართული ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცნობილია, ვინ არის ქვეყნის მტერი და ამასთან, მტერია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის დასუსტებას ცდილობს. „სტაბილიზაცია, დამშვიდება, გაერთიანება – ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტად დღეს. ეს არის ის, რისთვისაც გადავწყვიტე ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე და ის არის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს მტერს. მტერი არის ძალიან კონკრეტული და ყველამ ვიცით, ვინ არის, მაგრამ მტერი არის ასევე ყველა ის, ვინც ამით სარგებლობს, რომ ქვეყანა დაასუსტოს, დაშალოს და არ მოგცეს ის გასაქანი, რომელიც გვჭირდება, რომ განვითარების გზაზე ვიაროთ უფრო სწრაფად, ენერგიულად და უფრო შედეგიანად.
არ არის გასაკვირი და შემთხვევითობა, რომ პირდაპირ რუსული პიარი ოფიციალურად და ღიად არის ჩართული ჩემს საწინააღმდეგო პიარში. როგორც წარსულში, რუსეთის სამსახურებს დღესაც ძალიან კარგად ესმით, დიდი ხნის შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან, რას უნდა დაარტყან, რას უნდა უმიზნონ. უმიზნებენ რას – სამ მცნებას: მამული, ენა, სარწმუნოება. სამივეში ბრალს მდებენ.
ამიტომ, ეს არ არის შემთხვევითობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, არსებული აგრესიის მიზანი დაპირისპირების გამოწვევაა. „ეს ყველაფერი გავიგეთ, ვიცით. ახლა აქედან უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რადგან მთავარი მიზეზი ამ აგრესიისა და ძალადობისა არის სწორედ, რომ დავრჩეთ ამ ძალადობაში, დაპირისპირებაში, რომ ვუპასუხოთ. ერთი, რომ, ნერვიულობაში ვიყოთ ჩაძირული და გადავიდეთ კითხვა-პასუხში, ქიშპობასა და ბრძოლაში – სიტყვიერი იქნება, თუ სხვა ფორმით. ეს არის ჩვენი გზიდან გადასვლა, რაც არ უნდა დავუშვათ. მე მოვდივარ არა იმისთვის, რომ ვიღაცასთან შიგნით დავიწყო ბრძოლა, მოვდივარ პირიქით, ახალი ხედვით, რათა დასრულდეს მართლა ამ ქვეყანაში და თუ მეტი ვერაფერი შევძელი, ეს მაინც უნდა შევძლო, რომ გადავიდეთ ახალ პოლიტიკურ კულტურაზე, ახალ ხედვასა და ურთიერთობებზე და შევქმნათ ის ქვეყანა, რომელიც მართლა უნდა იყოს 21-ე საუკუნის ქვეყანა და არა სადღაც გაჩერებული, გაჭედილი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და 21-ე საუკუნეს შორის და არ ვიცით, როგორ მოვირგოთ ეს 21-ე საუკუნე, რადგან არ ვართ შესული გამბედაობით, არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ადგილი იქ არის. ჩვენი ადგილი იქ არის, თუ წარსულს უკან დავტოვებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი