სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერიალიდან „შუა ქალაქში“ დათხოვილი მსახიობები „რუსთავი-2“-ში გადადიან

ერთ-ერთი ვერსიით, სერიალის „შუა ქალაქში“ დათხოვილი მსახიობები მალე „რუსთავი-2“-ში აღმოჩნდებიან. ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, ეს სამაუწყებლო არხი „კომედი გრუპის“ ეგიდით ახალი სერიალის გადაღებას იწყებს, რომელსაც ალეკო მალხაზიშვილი უხელმძღვანელებს. არსებობს წყარო, რომელიც ადასტურებს, რომ დათხოვილი მსახიობები „რუსთავი-2“-ში მართლაც მიიწვიეს და კასტინგიც ჩაატარეს. სამაუწყებლო არხთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს ოთარ ტატიშვილმა, ნოდარ გურგენაშვილმა, ნიკა წულუკიძემ და ბაჩო ქაჯაიამ, რომლებიც „ღამის შოუს“ შემოქმედებით ჯგუფში რჩებიან. გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბარში ალეკო მალხაზიშვილმა გავრცელებული ხმები არც დაადასტურა და არც უარყო. „ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სერიალის „შუა ქალაქში“ მსახიობთა ძველი შემადგენლობა თითქმის მთლიანად განაახლეს და სერიალში ახალი სახეები მიიწვიეს, თუმცა, როგორც ძველი მსახიობები, ასევე მაყურებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალმა სახეებმა მაინცდამაინც ვერ გაამართლეს. „ღამის შოუს“ ხელმძღვანელი, დავით გოგიჩაიშვილი ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს და ამბობს, რომ სერიალის სახეების განახლება აუცილებელი იყო. მისი თქმით, თავდაპირველად ძველი მსახიობების რეიტინგიც დაბალი იყო, მაგრამ იგი დროთა განმავლობაში გაიზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100