"მარგველაშვილი იცავს მკვლელს, რომელმაც 23 წლის შვილი მომიკლა" - ტარყაშვილის დედის განცხადება
2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოკლული 23 წლის ზურა ტარყაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„შს სამინისტროს პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა რომ ამა წლის 28 ივნისს, პოლიციამ გაჩხრიკა ჩემი შვილის, ზურა ტარყაშვილის ერთერთი მკვლელის, მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის საცხოვრებელი ბინა, რომლის დასჯას უკვე წლებია, უშედეგოდ ვითხოვ პროკურატურისგან.
მიუხედავად იმისა რომ გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-ფირები და ფოტო-სურათები, დღემდე არ წაუყენეს ჩემი შვილის მკვლელობის ბრალდება მინდია გოგოჭურს, რომელიც როგორც უკვე საჯაროდ გამოჩნდა, მარგველაშვილის მფარველობით სარგებლობს.
სამწუხაროა რომ საქართველოს პრეზიდენტი იცავს მკვლელს, მინდია გოგოჭურს, რომელმაც სხვა თანამზრახველებთან ერთად 23 წლის შვილი მომიკლა რუსთაველის გამზირზე.
შემაშფოთებელია რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, მზადაა ხელი დააფაროს სასტიკ დამნაშავეს, რადგან ის მისი ნათესავია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურასა და შს სამინისტროს, უსაგნო ჩხრეკისა და ამის საფუძველზე დამნაშავისათვის ჩაგრულის როლის მორგების ნაცვლად, შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობა და პასუხი აგებინონ ჩემი შვილის, ზურა ტარყაშვილის ერთერთ მკვლელს - პრეზიდენტის ნათესავს, მინდია გოგოჭურს.
ვთხოვ ქართულ მედია-საშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანიებს, დაინტერესდნენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში მინდია გოგოჭურის მონაწილეობის შესახებ (მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას), რათა მკვლელი, რომელიც პრეზიდენტის მფარველობით სარგებლობს არ დარჩეს დაუსჯელი." -ნათქვამია განცხადებაში
კომენტარი