სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელიზბარ ჯაველიძე: ივანიშვილს არცთუ განათლებული და პატრიოტი ხალხი აკრავს გარს

"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის ელიზბარ ჯაველიძის შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილის გარშემო არცთუ დიდად განათლებულმა და ერის მოყვარულმა ხალხმა მოიყარა თავი".

ამის შესახებ ჯაველიძემ გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ბატონი ბიძინას გარშემო თავი მოიყარა არცთუ დიდად განათლებულმა და არცთუ დიდად ერის მოყვარულმა ხალხმა მოიყარა თავი. ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ გარემოცვა ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე. შესაძლოა, ბატონი ბიძინა ძალიანაც პრინციპულია, ძალიანაც მტკიცე ხასიათის, მაგრამ მე საკუთარ კანზე მაქვს ნაწვნევი, როგორ შემოგავლებენ მტკიცე რკალს, გიჩიჩინებენ აქედან და იქიდან და შეიძლება, საერთოდ ჭკუიდან გადაგიყვანონ. საერთოდ, თუ ადამიანს ერთ მხარეზე ანგელოზი აზის, მეორეზე ეშმაკი სძალავს", - განაცხადა ჯაველიძემ.

ამ კონტექსტში იგი ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრ ზურაბ ბიგვავას შეეხო.

"ბიგვავას რაღაც იდეოლოგის ფუნქციები აქვს. როგორც თვითონ აცხადებს, თურმე, ზურაბ ჟვანია აღუზრდია. მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ცუდად აღუზრდია, ეტყობა, ხეზე ასვლა არ ასწავლა! ეს კაცი თავის თავზე გაიძახის, ფსიქოლოგი ვარო. ზოგი ამბობს, ფილოსოფოსი ვარო, მაგრამ მე მაგათი დაწერილი არაფერი წამიკითხავს", - განაცხადა ჯაველიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს - "რესპუბლიკელებსა" და "თავისუფალ დემოკრატებს", ჯაველიძე ალასანიას პარტიაზე საუბარს თავს არიდებს, "რესპუბლიკელებს" კი "გამოკვეთილად ანტიეროვნულ ძალად" მოიხსენიებს.

"ალასანიაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ "რესპუბლიკელები" გამოკვეთილად ანტიეროვნული ძალაა და აქედან გამომდინარე, იგი "სახალხო კრების" თავიდან ბოლომდე ეროვნულ ორგანიზმს არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება" - დასძინა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100