აფხაზეთის “ცესკომ” ანქვაბი “პრეზიდენტად აკურთხა”
განახლებულია: 14.45სთ.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ანქვაბს არჩევნებში "დამაჯერებელი გამარჯვება" ტელეფონით მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მედვედევმა ანქვაბს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობისას წარმატებები უსურვა და აფხაზეთის განვითარების რწმენა გამოთქვა“-ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მედვედევი და ანქვაბი რუსულ-აფხაზური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიად წოდებული ორგანოს ხელმძღვანელმა, ბატალ ტაბაღუამ დაახლოებით 12.00 სთ–ზე “არჩევნებში” ოფიციალურ გამარჯვებულად ალექსანდრე ანქვაბი დაასახელა და განაცხადა, რომ არჩევნების პროცესში რაიმე არსებითი დარღვევა, რომელმაც, შესაძლოა, საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიოს, არ დაფიქსირებულა.
ტაბაღუას მონაცემებით, უკვე დასრულდა ხმების გადათვლა და “ცესკოს” აქვს უფლება, გამოაქვეყნოს მონაცემები, რომელიც ასე გამოიყურება:
ალექსანდრე ანქვაბი – 54,86%;
სერგეი შამბა – 21,04%;
რაულ ხაჯიმბა – 19,83%.
ორი დამარცხებული კანდიდატიდან ერთ–ერთი – რაულ ხაჯიმბა არჩევნების შედეგების გამოცხადებას მშვიდად შეხვდა და ალექსანდრე ანქვაბს გამარჯვება მიულოცა კიდეც: "ახლა პრეტენზიების დრო არ არის. ვთვლი, რომ ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა და მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო", – თქვა მან.
რაც შეეხება "პრეზიდენტობის" კიდევ ერთ მსურველს, სერგეი შამბას, არც მას და არც მის შტაბს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ეტყობა, მარიონეტული ხელისუფლების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯერ კიდევ ფიქრობს, ბედს დაემორჩილოს თუ ხალხის ქუჩაში გამოყვანა დაიწყოს – დაპირებული რევოლუციის დასაწყებად.
კომენტარი