მიხეილ სააკაშვილი: უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ, არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში
მიხეილ სააკაშვილი: უნდა ვიყოთ უსაფრთხო არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში
საქართველოს პრეზიდენტი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს შეხვდა და მათ სიტყვითაც მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებზე, თავდაცვის საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრა:
„დღეს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები სანახევროდ ჩამოშვებულია იმ გმირების პატივსაცემად, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში და, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნეში თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
სამშობლოსთვის თავგანწირვა ქარტველებისთვის არ არის მხოლოდ ზოგადი და წიგნებიდან ამოკითხული გარემოება. რამდენიმე დღის წინ მე მქონდა პატივი შევხვედროდი ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. მქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდი მათ ბრძოლისუნარიანობას, მათთან ერთად მცირე მანძილი გამევლო საპატრულო მანქანით, რომლის დაცულობაზეც იქ მიყვებოდნენ და ორი დღის შემდეგ, იმავე მანქანით, ასევე პატრულირების დროს ჩვენს ერთ-ერთ მებრძოლს გაუხსნეს ცეცხლი და ვალიკო ბერაია, პაატა კაჭარავა და რუსლან მელაძე, სამწუხაროდ, ამ ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
იმ ბიჭებმა, რომლებიც იქ ექვს-ექვსი თვის განმავლობაში მსახურობენ, ძალიან კარგად იციან, რატომ არის აუცილებელი, რომ ისინი იყვნენ ავღანეთში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე. ამ რამდენიმე წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ღია აგრესიის ეტაპის დაწყების წინ, იყო სიტუაცია, როცა ზოგიერთ ქვეყანას შეეშინდა რუსეთის მუქარის, არ ეგონათ, რომ საქაღთველოს ჰქონდა მომავალი და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ხელის გამართვა 2008-09 წლებში, გარკვეულწილად, შეფერხებული იყო. მაგრამ ჩვენ ხელები არ ჩამოგვიშვია, ჩვენ გვაქვს მაგალითი ისრაელის, სინგაპურის - პატარა ქვეყნების, რომლებმაც ააწყვეს თავიანთი სამხედრო წარმოება. პირველი ქართული მუხლუხოიანი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ „დიდგორთან“ ერთად არის იმის ნიმუში, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კურსანტებისადმი მიმართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ვინც საკუთარი ნეიტრალურობის წარმოსაჩენად აცხადებს, რომ ამერიკა და რუსეთი ერთი და იგივეა, ან არაინფორმირებულია, ან პათოლოგიური მატყუარა.
"როდესმე რამე დაგვაძალა ამერიკამ ან ევროკავშირმა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ? გვაიძულა რამე? – არაფერი. შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნები ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, მაგრამ გვიყურებენ როგორც პარტნიორებს და არა როგორც ვასალს.
ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, მათი ინდიფერენტულობაა. ამიტომ არის, რომ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ჩვენს პრობლემებზე. მადლობა ჩვენს მეგობრებს, მაგრამ მადლობა უპირველესად თქვენ – ქართველი ერის საამაყო შვილებს, რადგან ახლა ამაყად ვდგავართ, როგორც თავისუფალი ადამიანები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება სხვა პრობლემებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის კონსტიტუციური გარანტი, უპირველესი მტერია მათი, ვისაც სურს, ქართველი ერი დაყოს და დააპირისპიროს რელიგიური, ეთნიკური, ასაკობრივი თუ სოციალური ნიშნით:
„ქალბატონებო და ბატონებო! მე მოვედი თქვენთან 25 თებერვალს - საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს. საქართველო, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა უსაფრთხოებასთან:
"ამის მიუხედავად, ქართველი ერი არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ჩვენი შვილების, მათი შვილების და შვილიშვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიასთან. ამის მე ყველაზე ძლიერად მწამს. ეს გარანტია ის ერთა ძლიერი ოჯახია, რომელიც მზადაა, საქართველოს მიესალმოს, მის სახელმწიოფებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს მხარი. ამ ოჯახს დღეს ნატო და ევროკავშირი ჰქვია", - განაცხადა პრეზიდენტმა და ბოლო თვეების განმავლობაში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ასევე სხვა ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯები მიმოიხილა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის სხვა ოჯახი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. მან აღნიშნა, რომ საქართველო ამ ოჯახის წევრი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე ახლოს გაწევრიანებასთან.
"ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან ერთდროულად", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, საქართველო უსაფრთხო იქნება სწორედ თავისუფალ გარემოში.
"უსაფრთხო არა გალიაში, ზოოპარკში – გისოსებს შიგნით, როგორც მარიონეტები, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან, რათა თავისი ბატონები გაართონ. ჩვენ ასეთი უსაფრთხოება არ გვინდა. ჩვენ უნდა ვიყოთ უსაფრთხო არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში. წარმოუდგენელია უსაფრთხოდ იყოს უუფლებო და დაუცველი ყმა ან მონა, რომელიც თავისი ბატონის კაპრიზებზეა დამოკიდებული. თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც აღმშენებლობა და არც განათლება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარი